რამდენი კომპანია ფიგურირებს საქმეში და ვის ჩაურიცხა თანხა ტომოგრაფიის აპარატისთვის თავდაცვის სამინისტრომ - ახალი დეტალები

29.07.25 17:31
რამდენი კომპანია ფიგურირებს საქმეში და ვის ჩაურიცხა თანხა ტომოგრაფიის აპარატისთვის თავდაცვის სამინისტრომ - ახალი დეტალები

ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლის გავლითაც თავდაცვის სამინისტრომ სადავო შესყიდვა განახორციელა, რის გამოც 3 ადამიანი დააკავეს? - საქმეში “ტვ პირველის“ ინფორმაციით, ოთხი კომპანია ფიგურირებს, რომლებმაც ჯარისკაცებისთვის საჭირო ტომოგრაფიის აპარატი, სავარუდოდ, ერთამენთისგან იყიდეს.

ეს კომპანიებია, შპს "დ & გ კომუნიკაცია" შპს "სოლემარტი", შპს "პულსარ საქართველო" და შპს "ეი ბი ემ".

"პირველების" ინფორმაციით, 7 ტონიანი სამედიცინო მოწყობილობა ქვეყანაში კომპანია შპს "პულსარ საქართველომ" შემოიტანა, თუმცა საბოლოოდ, ოთხ მილიონამდე ლარი (3 940 000) თავდაცვის სამინისტრომ კომპანია "დ & გ კომუნიკაციას" ჩაურიცხა. ამ კომპანიის მფლობელი დავით დავითაშვილია. ის "პირველების" ინფორმაციით, სუს-მა უკვე გამოკითხა.

კომპანია "დ & გ კომუნიკაციას" მფლობელს დღეს კითხვები "პირველებმაც" დაუსვა და ჰკითხა რა ფუნქცია ჰქონდა  შპს "დ & გ კომუნიკაციას" ამ საქმეში. დავით დავითაშვილმა განაცხადა, რომ "შესყიდვა საიდუმლო იყო", ამიტომაც  კითხვებზე პასუხებს ვერ გასცემს -"საიდუმლო ტენდერი იყო და პასუხებს ვერ გაგცემთ".

დავითაშვილმა ასევე არ უპასუხა კითხვებს, ვინ იყო კონკრეტულად მასთან კონტაქტზე და ვინ იყვნენ შუამავალი კომპანიები. 

"პირველებმა" დღეს ასევე კითხვები დაუსვა კომპანია შპს "პულსარ საქართველოს" დირექტორსაც - ილია გიორგობიანი ამბობს, რომ შპს "პულსარ საქართველოსგან" ტომოგრაფიის აპარატი კომპანია შპს "ეი ბი ემ"-იმ იყიდა -   " მერე იმან სად გაყიდა უკვე აღარ ვიცი". 

არ ვიცი ვინ მიაწოდა, ჩვენ ვყიდით, ჩენგან იყიდა ერთ-ერთმა კომპანიამ და მერე იმან სად გაყიდა უკვე აღარ ვიცი. "ეი ბი ემ"-მა იყიდა ჩვენგან და მერე უკვე აღარ ვიცი. მე მქონდა ხელშეკრულება მიწოდების ვალდებულებით, ანუ მე მივაწოდე და დავაყენე, დანარჩენი ვინ რა ქნა არ ვიცი", - განაცხადა ილია გიორგობიანმა. 

კომპანია შპს "ეი ბი ემ"-ში დღეს "პირველების" კითხვებს არ უპასუხეს, კომპანიის წარმომადგენელი მანქანაში ჩაიკეტა,  ოფისში მისულ "პირველების" გადამღებ ჯგუფს კი პასუხების გაცემის ნაცვლად შეურაცხყოფა მიაყენეს და შენობაში არ შეუშვეს. 

"პირველების" ინფორმაციით, საქმეში ასევე ფიგურირებს კომპანია შპს "სოლემარტი", რომლის წარმომადგენელი სხვა დანარჩენ სამი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად უკვე გამოიკითხულები არიან. 

ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე სასამართლომ დღეს წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. 

  • "პირველების" ინფორმაციით, შაბათს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ანტიკორუფციულმა სამსახურმა მოწმის სტატუსით გამოკითხა.

სწორედ ბურჭულაძის გამოკითხვის შემდეგ, რამდენიმე საათში კორუფციის ბრალდებით დაკავებულ იქნა ბურჭულაძის უახლოესი გარემოცვის წევრები.

ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას.

გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. 

უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.

 

მსგავსი სიახლეები