ოპოზიცია ცესკოს ევროპარლამენტზე თავდასხმაში ადანაშაულებს და მის განცხადებას ანტიდასავლური რიტორიკის გაგრძელებად მიიჩნევს

30.07.25 13:45
ოპოზიცია ცესკოს ევროპარლამენტზე თავდასხმაში ადანაშაულებს და მის განცხადებას ანტიდასავლური რიტორიკის გაგრძელებად მიიჩნევს

ცესკოს კრიტიკულ განცხადებას, რომლითაც ის ევროპარლამენტის რეზოლუციას პასუხობს, ოპოზიცია პარტნიორებზე თავდასხმად აფასებს. 

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი გიორგი სიორიძე პირდაპირ ამბობს, რომ ცესკოს მხრიდან ევროპარლამენტის არაობიექტურობაში დადანაშაულება სორედ ანტიდასავლური განწყობების წახალისებაა. 

უკვირთ, როგორ არ ითვალისწინებენ პროკურატურის გამოძიებასო მაშინ, როდესაც პროკურატურა, ცესკო, სასამართლო და სუსი არის ის მთავარი რგოლები, რომელთა მეშვეობითაც, "ქართულმა ოცნებამ" მიიტაცა სწორედ საპარლამენტო არჩევნები და ქართველი ხალხის ნება, ხოლო ცესკოს მხრიდან ევროპარლამენტის დადანაშაულება არაობიექტურობაში, არის სწორედ იმ ანტიდასავლური განწყობების წახალისება, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში სწორხაზოვნად ახორციელებს რუსული რეჟიმი, - ამბობს სიორიძე. 

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერ ლევან სანიკიძე კი ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" ლეგიტიმაცია არ ექნება. მისი თქმით, ცესკოს წარმომადგენლები უნდა შეეგუონ აზრს, რომ 26 ოქტომბერს ცადენიი დანაშაულებები არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ დაუსჯელი არ დარჩება. 

საქართველოს არსებულ ხელისუფლებას არავითარი ლეგიტიმაცია არ ექნება. შესაბამისად, როდესაც ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების უმაღლესი ეშელონებიდან გვესმის შესაბამისი განცხადებები "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან დაკავშირებით, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს აქვს, ფაქტობრივად, ნულოვანი ლეგიტიმაცია გარდა ვიქტორ ორბანის და ვლადიმერ პუტინი და ლუკაშენკო აღიარებენ ამ არჩევნების შედეგებს, შესაბამისად, ცესკოს წარმომადგენლები, რომელთა ნაწილიც სანქცირებულია, უნდა შეეგუონ იმ აზრს, რომ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 26 ოქტომბერს არ დარჩება დაუსჯელი არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, - ამბობს ლევან სანიკიძე.  

 კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი თენგო თევზაძე კი ცესკოს განცხადებას "სამარცხვინოს" უწოდებს და ამბობს რომ საარჩევნო ადმინისტრაციას არც განცხადებაში ნახსენები "უდანაშაულობის პრეზუმციის" გაეუგება რამე და არც თავად არჩევნების ჩატარების.

დღეს ვნახეთ ცესკოს კიდევ ერთი სამარხვინო განცხადება, რომელიც, ერთის მხრივ, ევროპარლამენტზე და ჩვენს ევროპელ პარტნიორებზე თავდასხმაა და მეორეს მხრივ, გაუგონარი უმეცრება და უცოდინრობაა. რა უდანაშუაობის პრეზუმციაზე საუბრობენ, საერთოდ თუ იციან ამის მნიშვნელობა ან რომელ არჩევნებზე საუბრობენ, რომლის ჩატარებაც მათ საერთოდ არ იციან?, - ამბობს თენგო თევზაძე.  

გახარიას გუნდის წევრი ტატა ახვლედიანი კი პირდაპირ ამბობს, რომ "ცესკო რეჟიმის ხელში ინსტრუმენტია", რომლითაც არჩევნები მიიტაცა. 

ცესკო არის რეჟიმის თანამოაზრე, რეჟიმის ინსტრუმენტი, რომელიც გამოყენებული აქვს. არის ასევე მცდელობა, რომ არჩევნები, როგორც დემოკრატიული ცვლილების ინსტრუმენტი, იყოს მიტაცებული რეჟიმის მხრიდან და ამ ყველაფერს აკეთებინებს ცესკო, - ამბობს ტატა ახვლედიანი.  

ცენტრალური საარჩევნო კომისია ევროპარლამენტის კრიტიკას 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებით პასუხობს და მათ „უპრეცედენტოდ არაობიექტურსა“ და „შეურაცხმყოფელს“ უწოდებს.

ცესკო ეჭვქვეშ აყენებს ევროპარლამენტარების კეთილსინდისიერებას, უარყოფს ბრალდებებს და ამტკიცებს, რომ მათ უკან პოლიტიკური ზეგავლენის მცდელობაა. მიუხედავად ეუთო/ოდირის კრიტიკული შენიშვნებისა, ადმინისტრაცია საკუთარ პასუხისმგებლობას კვლავაც გამორიცხავს და დასავლური შეფასებების დისკრედიტაციას ცდილობს.

ცნობისთვის, 9 ივლისს ევროპარლამენტმა რეზოლუციის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები „გაყალბებულად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ ის „გარდამტეხი მომენტი იყო საქართველოს ავტორიტარიზმისკენ სვლის გზაზე“. ევროპარლამენტის თანახმად, არჩევნებმა მმართველ პარტიას საშუალება მისცა სახელმწიფო ინსტიტუტების ხელში ჩაგდებისა და რეპრესიული პოლიტიკის გატარებისთვის. 

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია დემოკრატიული უკუსვლა და ფორმულირდება მოწოდება საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ, საერთაშორისო და ადგილობრივი მონიტორინგის სრული ჩართულობით.

 

მსგავსი სიახლეები