"მე პატიმარი არ ვარ, მე ვარ ტყვე..." - გიორგი ბაჩიაშვილმა საკანში "წამების" შესახებ საჯაროდ პირველად ისაუბრა
"მე პატიმარი არ ვარ, მე ვარ ტყვე"- ამის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, სადაც ბიზნესმენის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
- ბაჩიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც გიორგი ბაჩიაშვილი „ბიტკოინების საქმეზე“ მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა დამნაშავედ ცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა საკანში მასზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ საჯაროდ პირველად ისაუბრა და 11 ივლისს მომხდარს წამების კვალიფიკაცია მისცა.
ბიზნესმენი ცემის გარდა არაადამიანური მოპყრობის შესახებაც საუბრობს:
მე დღეს პატიმარი არ ვარ, მე ვარ ტყვე, მინდა, რომ ეს იცოდეთ.
როცა აქ ჩამომიყვანეს, ტყვეობაში მომიწყვეს წამება 11 ივლისს. ქსნის საპყრობილიდან საგულდაგულოდ ჩამოიყვანეს ჯალათი, პირდაპირ გაიღო კამერის კარი, დამიწყო გინება, ცემა, შუშით დამუქრება, გამიტეხა თავი, ხელი გამიჭრა და მრავალი სხვა დაზიანება მაქვს მიღებული...მე დღეს გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს.
წამებამდე 2 დღით ადრე ციხის უფროსმა შემიყვანა კაბინეტში და მითხრა - ივანიშვილს გაუხსენი ყველა შენი საფულე, თორემ ხომ იცი, რანაირი ხალხი ზის ციხეშიო...არც კამერის ჩანაწერები არ წარმოუდგენია ჩვენთვის არავის და არც დაზარალებულად არ მაღიარეს. ამ ვაჟბატონის [პროკურორი] კოლეგები არანაირ მსველელობას არ აძლევენ ამ საქმეს, ერთია რომ გამოძიება დაიწყეს, მაგრამ უნდა კამერები ამოიღონ, დაზარალებულად მცნონ, ვინ არის აბა დაზარალებული, მე თუ თავ გატეხილი იქიდან გამომიყვანეს?! როდესაც სჭირდებოდათ კამერების ჩანაწერები, საიდანაც იყო, სამ საათში ამოღეს. აქ მითვისების საქმეს კი არ ვიხილავთ, ჩვენ ვიხილავთ გამოძალვის საქმეს, ჩემი დატყვევების საქმეს, ჩემი წამების საქმეს, მითვისებასთან არაფერი აქვს საერთო ამ საქმეს...
ჩემს წამებამდე კვირა-ნახევრით ადრე გამიწყვიტეს კავშირის უფლება გარესამყაროსთან. ჩემს ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მომცეს, თითქოსდა მოწმეებზე ზეწოლა რომ არ მოვახდინო. მანამდე 2 წელი, გარეთ რომ ვიყავი, მაშინ შემეძლო მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენა, მაგრამ ვერანაირ მტკიცებულებას ვერ იპოვიდნენ, რომ მეცადა ვინმეზე ზემოქმედება, მაგრამ მაინც მოსახერხებლად ჩამიკეტეს გარეთ წვდომა.
რატომ? იმიტომ, რომ, როცა შემოიყვანეს ის ნაძირალა ჩემ საწამებლად, ვერ დამერეკა. 63 საათს არ უშვებდნენ ადვოკატს ჩემთან. სახალხო დამცველთანაც არ მარეკინებდნენ.
საავადმყოფოში რომ წამიყვანეს, ჩემი სიმპტომები ამოიღეს „ფორმა 100-დან“, მე რასაც ვამბობდი. ხელში ამიყვანეს, უარს როცა ვამბობდი წამოსვლაზე და წამომათრიეს ციხეში. ამ წამებას დაამატეს არაადამიანური მოპყრობა…
თქვენ, [მიმართავს მოსამართლეს] ჩემზე ასაკოვანი ბრძანდებით და ალბათ კარგად გახსოვთ მხედრიონის დრო, დღევანდელი სისტემა ამ ბატონის [პროკურორი] უწყების თამადობით და სამწუხაროდ, თქვენი [მოსამართლე] სხვა კოლეგების თამადობით, ზუსტად, 21-ე საუკუნის მხედრიონი არის და ვარ მე დღეს გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები, მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს" - თქვა ბაჩიაშვილმა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე.
ვიდრე ბიზნესმენი საკანსი თავდასხმის დეტალებს მოჰყვებოდა, მისი დუბაიდან გატაცების სპეცოპერაცია გაიხსენა და თქვა, რომ ის "შურისძიების მსხვერპლია, რადგან უარი თქვა ანტიდასავლურ პროპაგანდაზე".
ბიძინა ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველი აღნიშნავს, რომ მას ქვეყნის დატოვების სურვილი არ ჰქონდა, თუმცა სასამართლო პროცესების პარალელურად, მისი ციხეში შესაძლო წამების შესახებ მიღებული ინფორმაციის შემდეგ, იძულებული გახდა, რომ საქართველო დაეტოვებინა.
ჩემ გარშემო პროცესები დაიწყო 2 წლის წინ - ჯერ კიდევ მაშინ რაღაც გარკვეული დემოკრატიის შირმა ჰქონდა ჩვენს მთავრობას შენარჩუნებული. მე მაშინვე დავიწყე იმაზე საუბარი, თუ რა მიზეზით დაიწყო ეს დევნა ჩემ წინააღმდეგ: ამ დევნის მიღმა რეალური მიზეზი არის პოლიტიკური და პირადი შურისძიება.
პირადი შურისძიებაა იქიდან გამომდინარე, რომ მე უარი ვთქვი იმ დროს ანტიდასავლურ პროპაგანდაზე და ანტიდასავლურ ქმედებებზე, რომლისთვისაც დღეს უკვე მთელი ჩვენი მთავრობა, ბევრი თქვენი კოლეგა [მიმართავს მოსამართლეებს] და ბევრი ამ პატივცემულის [პროკურორი] კოლეგა არის დასანქცირებული. დღეს უკვე აღარც ერთი საერთაშორისო ინსტიტუტისთვის, აღარც ერთი საქართველოში არსებული დამოუკიდებელი ინსტიტუტისთვის, სამწუხაროდ, სასამართლოს ნდობა არის ძალიან დაბალ დონეზე.
მე პირადად ნული მაქვს მთელი საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ნდობა, თქვენი პირადი დიდი პატივისცემის მიუხედავად.
არ დარჩა არც ერთი ინსტიტუტი, რომელმაც არ შეაფასა ეს შეკერილი საქმე, რომელშიც არ არის არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, გარდა ივანიშვილის ჩვენებისა.ეს გასამართლება სრულად პოლიტიკური და შეკვეთილი სამართლის ცხადი მაგალითია.
ამას დაემატა, რომ როდესაც მე, მე მართლა არ დამიტოვებია საქართველო 2 წლის მანძილზე თითქმის, მხოლოდ მაშინ გავხდი იძულებული, როცა პირდაპირ მომივიდა ინფორმაცია, ციხეში შენს წამებას აპირებენო - გაგჭყლიტავ ციხეშიო, პირდაპირ მასე თქვესო, ზუსტად ამ სიტყვების მერე გადავწყვიტე ქვეყნის დატოვება, მომიწია ქვეყნის დატოვება.
და რა მოხდა ამის შემდეგ - თვალზე მეშოკჩამოფარებული მატარეს 2 დღე აბუ დაბიში და დუბაიში, არანაირი ადვოკატის, არანაირი მოსამართლის და პროკურორის შეხვედრის უფლების გარეშე და პირდაპირ, ძალით, შემათრიეს „აირზენას“ თვითმფრინავზე, სადაც დამხვდა ანრი ოხანაშვილი და რამდენიმე მაღალჩინოსანი.
ყველანაირი კანონის დარღვევით მე თქვენს წინაშე ვდაგავრ მოტაცებული. მე დღეს პატიმარი არ ვარ, მე ვარ ტყვე, მინდა, რომ ეს იცოდეთ. ასეა ყველანაირი საერთაშორისო კანონმდებლობით.
ვითომ რომ მიპოვეს თეთრი მაისურით და თეთრი ფეხსაცმლით სადღაც მდინარეგადმოცურული, ესაა სიცრუე და ამ მოტაცებაზე გამოძიების დაწყება ვითხოვე ჯერ კიდევ 29 მაისს, როდესაც ჩემი სასამართლო სხდომა იყო სხვა საქმეზე. არც ერთი ადამიანი, არც მე არ დავკითხულვართ, არც ჩანაწერი ამოღებულა, არც დაზარალებულად არ ვცნობილვარ, არანაირი პროცედურა არ შემდგარა.
შემდგომ, როცა აქ ჩამომიყვანეს, ტყვეობაში მომიწყვეს წამება 11 ივლისს...“ - თქვა ბაჩიაშვილმა სასამართლო სხდომაზე.
ცნობისთვის: გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესის გადაღების უფლება ტელეკომპანია „იმედმა“ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიიღო.