ივანიშვილი ცდილობს, "ქართუ ბანკი" სანქციებს გადაარჩინოს - ფინანსისტები
"ქართუ ბანკის" წილების გადანაწილებაში ფინანსიტები ივანიშვილის ხრიკს ხედავენ, რომ ბანკი სანქციებს გადაარჩინოს. ექსპერტი გიგი ბედინეიშვილი ამბობს, რომ ივანიშვილმა მისი შვილი განზრახ ჩასვა მცირე, 35%-იან წილში, რითაც შეეცადა, მისი გვარი ბანკთან აფილირებული არ ყოფილიყო.
ამასთან, ექსპერტი დარწმუნებულია, რომ რეალურად, "ქართუ ბანკი" არის და იქნება ბიძინა ივანიშვილის.
მართლაც არის რაღაც ზღურბლები. იმის ქვევით თუ არის მფლობელობა, მაშინ ვალდებულება აღარ არის გახსნის და ალბათ აქ მოტივაცია იყო, რომ ივანიშვილის შვილი ყოფილიყო შედარებით მცირე წილში დარჩენილი. უტას ძალიან მცირე წილი აქვსო, - იტყვიან და ამიტომ თვითონ ბიძინა ივანიშვილი აფილაცია ბანკთან არ დასტურდებაო, - იტყვიან. რაც არის სანქციები, მასზე არის და ახლა არის მცდელობა, რომ რაღაცნაირად შემოღობონ "ქართუ ბანკი", რომ მას არ დაემუქროს სანქციები.
სვიფტის საკითხი ნებისმიერი ბანკისთვის ძალიან მძიმეა, იმიტომ, რომ სვიფტი მოხერხებული სისტემაა, საერთაშორისოდ აღიარებული სისტემაა და ასწრაფებს და აიაფებს ტრანზაქციებს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება ნებისმიერი ბანკისთვის. ივანიშვილის იყოს "ქართუ ბანკი" და ივანიშვილის რჩება "ქართუ ბანკი". უტა იქნება თუ ვინმე სხვა, ივანიშვილის ოჯახის არის ეს ბანკი და რავიცი, მემგონი, რომ ბიძინა ივანიშვილის თანხმობის გარეშე სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს ამ ბანკთან დაკავშირებით თვით უტაც კი არ იღებს, - ამბობს გიგი ბედინეიშვილი.
რომან გოცირიძე პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილმა ბანკის დიდი წილი გადამალა, რითაც სანქციების თავიდან არიდებას შეეცადა.
წილების გადანაწილებით ისე გააკეთა, რომ მისი შვილი, უტა ივანიშვილი არ ფლობს 35%-ზე მეტს იმ სტრუქტურაში, რომელიც ბანკს აკონტროლებს და დანარჩენი 65% გადაანაწილა, დაახლოებით 15-მდე ადამიანზე, რომელიც ვინ არის არ ვიცით, ვინაიდან 5% რომ ყოფილიყო წილი, მაშინ აუცილებელი იქნებოდა ეროვნულ ბანკში ინფორმაციის გამჟღავნება. ასე რომ, გადამალა ერთის მხრივ 65%, მეორეს მხრივ შვილის წილი შეამცირა 35%-მდე. ეს ნიშნავს, რომ სანქციები, იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს ხორციელდება, სამწუხაროდ, არ შეეხება, ვინაიდან 51%-ზე მეტის არსებობის შემთხვევაში კომპანიები სანქცირდება, როგორც წესი დღეს არსებული საერთაშორისო პრაქტიკით. ანუ თავისი ჭკუით, თუ შესაძლებელია, რაღაც ფორმით, მართლაც, სანქციების არიდების ძალიან მარტივ ხერხს მიმართა, - ამბობს რომან გოცირიძე.
საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი მფლობელობის დოკუმენტაციის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის შვილი უტა ივანიშვილი "ქართუ ბანკის" 100%-ის წილს აღარ ფლობს. განახლებული დოკუმენტაციის თანახმად, უტა ივანიშვილი ამ ორგანიზაციებში 35%-ის წილის მფლობელია.
მიუხედავად "პირველების" მცდელობისა, ამ დრომდე "ქართუ ბანკი" არ აკეთებს განმარტებას, რას უკავშირდება წილის მფლობელების ცვლილელები.
ექსპერტები სვამენ კითხვას, უკავშირდება თუ არა ეს ცვლილებები შტატების მიერ ივანიშვილისთვის უკვე დაწესებულ სანქციებს ან მოსალოდნელ შეზღუდვებს რომელსაც მას არაერთი ევროპელი პოლიტიკოსი უანონსებს.