ვინ აკონტროლებს "ოცნების" მთავრობას?

30.07.25 17:53
ვინ აკონტროლებს "ოცნების" მთავრობას?

სავარაუდო კორუფციული სქემა თავდაცვის სამინისტროში - მესამე სექტორი პარლამენტის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. მათი განმარტებით, 2018 წლის კონსტიტუციის ახალი რედაქციით მთავრობოს კონტროლზე ზედამხედველობა სწორედ საკანონმდებლო ორგანოს ევალება. 

აქედან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პირდაპირ ამბობენ, რომ "ოცნების" მიერ კორუფციასთან წამოწყებული ბრძოლა "ფარსია".

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი ალექსანდრე ბარამიძე მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროს გარშემო განვითარებული პროცესები მხოლოდ ერთეული შემთხვევა არ არის და სრულიად "რეჟიმია კორუფციაში ჩართული".

ეს არის დანაშაულებრივი მაფიოზური სინდიკატის მიერ ხელში ჩაგდებული ქვეყანა, სადაც ერთი კაცი განაგებს ყველაფერს. რაც მთავარია, ნორმალურ საპარლამენტო და ნებისმიერ დემოკრატიულ რეპუბლიკაში, საპარლამენტო იქნება თუ საპრეზიდენტო, პარლამენტი კონტროლს უნდა უწევდეს მთავრობის საქმიანობას და ახლა რაღაცნაირად ეს წესი კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტური ფარსი, იმიტომ, რომ ეს ხალხი კორუფციონერები არ არიან, რომლებიც იყვნენ დაავებულები ან ისინი, ბევრნი ძალიან, რომლებიც უნდა იყვნენ, წესით, დაკავებულები. მთელი რეჟიმი უნდა იყოს დაკავებული, იმიტომ, რომ მთლიანად კორუფციაში არის ჩაფლული. არა, უბრალოდ, შიდა კლანური დაპირისპირების გამო. დღეს ერთმა კორუფციულმა კლანმა გაიმარჯვა მეორეზე, - ამბობს ალექსანდრე ბარამიძე. 

პარლამენტის პასუხისმგებლობაზე საბრობს ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც. მისი თქმით, თუ საკანონმდებლო ორგანო მის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას ეფექტურად ვერ ასრულებს, საჭიროა, დადგეს ამ შემადგენლობის პასუხისმგებლობის საკითხი. 

იმიტომ არსებობს პარლამენტი, რომ მან უნდა განახორციელოს საპარლამენტო ზედამხედველობა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. ეს მათი ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა. ამისთვის არსებობს საკანონმდებლო ორგანო და თუკი ის ამას არ ახორციელებს და კონტროლი არ არის ეფექტური, რა თქმა უნდა, უნდა დადგეს მაშინ ამ შემადგენლობის, ამ ორგანოს პასუხისმგებლობის საკითხი, რაში იღებენ ხელფასებს, როცა მინიმალურ დონეზეც კი ვერ ასრულებენ კანონის მოთხივნებს, - ამბობს უჩა ნანუაშვილი.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ საქმე არა მხოლოდ სისტემურ, არამედ მასშტაბურ კორუფციასთან გვაქვს. 

ეს აღარ არის, რომ ვიღაც ერთმა ცუდმა კაცმა მეორე ცუდ კაცთან გარიგება დადო და ამ გარიგებით ისარგებლა. როდესაც ასეთი ტიპის ხაზი ჩნდება ოფიციალურად დადასტურებულად, და ხელისუფლებავა გეუბნება, რომ კორუფციის შემთხვევა მქონდა იქს სამინისტროში, სადაც პატარიდან დიდამდე მთლიანი ხაზი იყო ამ კორუფციაში ჩართული, ეს გვაფიქრებინებს პრაქტიკულად სრული, 100%-იანი ალბათობით, რომ ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, ეს არ არის საგამონაკლისო საქმე და სახეზე გვაქვს არა მხოლოდ სისტემური კორუფცია, ასევე სახეზე გვაქვს მასშტაბური კორუფცია, - ამბობს თინა ხიდაშელი.  

შაბათს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ანტიკორუფციულმა სამსახურმა მოწმის სტატუსით გამოკითხა. „TV პირველის“ ინფორმაციით, დაკითხვა ღამის პირველ საათამდე გაგრძელდა.

გამოკითხვის შემდეგ ბურჭულაძე გამოუშვეს, თუმცა სამართალდამცავებმა მას აცნობეს, რომ კვლავ დაიბარებენ.

სწორედ ბურჭულაძის გამოკითხვის შემდეგ, რამდენიმე საათში კორუფციის ბრალდებით დაკავებულ იქნა ბურჭულაძის უახლოესი გარემოცვის რამდენიმე წევრი, მათ შორის - ოჯახის წარმომადგენელიც. დაკავებულები ეჭვმიტანილნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის გაფლანგვაში. მათ ბრალი დღეს წარედგინათ. 

 

მსგავსი სიახლეები