ცესკო ევროპარლამენტის წინააღმდეგ - რას ითხოვს კალანდარიშვილი
ცესკო ევროპარლამენტის წინააღმდეგ - კალანდარიშვილის უწყება ევროდეპუტატების რეზოლუციის დოკუმენტში არჩევნების გაყალბების შესახებ ჩანაწერს აკრიტიკებს. ცესკო წერს, რომ 26 ოქტომბრის გაყალბებულად მოხსენიება უდანაშაულობის პრეზუმციას არღვევს და წინასაარჩევნო პროცესზე ზემოქმედების მცდელობაა.
ივანიშვილის გუნდი 26 ოქტომბრიდან 8 თვის შემდეგაც ითხოვს არჩევნების შედეგების აღიარებას და გამუდმებით იმეორებს, რომ გაყალბების მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს. ანალოგიური პრეტენზია აქვს ადმინისტრაციასაც. მაშინ როცა ანტიდასავლური რიტორიკა გასაძლიერებელია წინა პლანზე პარლამენტის თავმჯდომარე გამოდის. შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტიც გალანძღა და არ დავიწყებია ევროკავშირის ელჩი. ოცნების ლიდერმა დღეს ბრიუსელისგან ბოდიშის მოხდაც მოითხოვა.
არადა ყველასთვის, ვინც ოცნება ლეგიტიმურ მთავრობად არ აღიარა, არგუმენტი ეუთო/ოდირის შემაჯამებელი დასკვნაა, რომელიც არჩევნებზე სტანდარტების სერიოზულ დარღვევებზე მიუთითებდა და საარჩევნო პროცესისადმი ნდობის კრიზისზე წერდა. ხმის ფარულობის დარღვევა, დამაშინებელი გარემო, ზეწოლა ამომრჩევლებზე და არათანაბარი პირობები სადამკვირვებლო ორგანიზაციისთვის ყველაზე გავრცელებულ პრობლემებს შორისაა. მისია ცესკოს და ოცნებას პრობლემების გამოსწორებისკენ მიუთითებდა, თუმცა ამის ნაცვლად ოცნება ამ დასკვნას დადებითად წარმოაჩენს და სათავისოდ იყენებს.
ეუთო ოდირის სათავისოდ გამოყენების გარდა, ქართულმა ოცნებამ დაიწყო ზრუნვა ადგილობრივი არჩევნებისთვისაც. ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ ივანიშვილის პარტიამ ერთპარტიულად მიიღო ისეთი კანონები, რომლითაც არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების რესურსი კიდევ უფრო შეამცირა. მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ ახლა ცესკო პოლიტიკური განცხადებების ნაცვლად არსებული პრობლემების გამოსწორებაზე უნდა ფიქრობდეს. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციას უკმაყოფილება არ გამოუხატავს ოცნების არც იმ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ადგილობრივ არჩევნებს ისტორიაში პირველად ეუთო'ოდირი ვერ დააკვირდება.
დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.