მამუკა ხაზარაძე ანდრო ჭიჭინაძეს და ვეფხია კასრაძეს ციხიდან მიმართვას უგზავნის
"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სინდისის პატიმრებს ანდრო ჭიჭინაძეს და ვეფხია კასრაძეს ციხიდან მიმართვას უგზავნის.
მამუკა ხაზარაძე ანდრო ჭიჭინაძეს რუსთავის ციხიდან დაბადებისდღეს ულოცავს და მიმართვაში წერს, რომ "ამ ბრძოლაში ანდროსნაირ კაცებთან ერთად ჩვენი ქვეყანა აუცილებლად მოიგებს".
ანდრო ჭიჭინაძეს
ანდროს პირადად არ ვიცნობ, თუმცა კარგად გავიცანი ასე, შორიდან - მისი მტკიცე ხასიათით, ნაღდი ქართული და ქალაქური ბუნებით, სილაღით და კეთილშობილებით.
ანდრო, მინდა რუსთავის ციხიდან მოგილოცო დაბადების დღე, მხნეობა და ჯანმრთელობა გისურვო!
ეს ბრძოლაა, რომელსაც შენნაირ კაცებთან ერთად ჩვენი ქვეყანა აუცილებლად მოიგებს!მალე მენახე თავისუფლებაზე!
პატივისცემით,
მამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე დაბადებისდღეს ულოცავს ვეხია კასრაძესაც და წერს, რომ ეს კიდევ ერთი ეტაპია, რომლის შემდეგაც "ალბათ კიდევ ბევრი გველის, თუმცა ფინალი იქნება გამარჯვება ჩვენი ქვეყნის".
ვეფხო, ძმაო
გილოცავ! მინდა მალე გნახო თავისუფლებაზე, შენს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.
თავისუფლება ლომთა ხვედრია, ეს შენ არაერთხელ დაგიმტკიცებია სამშობლოსთვის ბრძოლაში. ეს კიდევ ერთი ეტაპია, რომლის მერეც ალბათ კიდევ ბევრი გველის, თუმცა ფინალი იქნება გამარჯვება ჩვენი ქვეყნის, რომელიც შენ ასე ძალიან გიყვარს და რომლისთვისაც თავს წირავ ყოველთვის, დაუფიქრებლად!
მაგრად მეყოლე!
შენი ძმა, მამუკა
დღეს, ანდრო ჭიჭინაძის და ვეფხია კასრაძის დაბადების დღეა. გლდანის ციხესთან, დღეს, მათი მხარდამჭერები მივიდნენ.