"არანაირ სასჯელს არ ვიმსახურებთ" - სენატორების შეცვლილი პოზიციის შემდეგ, "ოცნებაში" პირველი კომენტარები კეთდება
სენატორების მიერ MEGOBARI act-ზე ბლოკის მოხსნის შემდეგ, "ქართული ოცნების" წევრები აცხადებენ, რომ აქტი საბოლოოდ მაინც არ დამტკიცდება.
"ქართული ოცნების" წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, მისი გუნდის წევრები არანაირ სასჯელს არ იმსახურებენ, მათ შორის არც MEGOBARI act-ით გათვალისწინებულ სანქციებს.
ჩვენ არ ველოდებით ესეთ ნეგატიურ განვითარებას იმიტომ, რომ უსამართლობის ეს ხარისხი, რომელიც ამ აქტშია გამოხატული, რასაკვირველია დამაზიანებელია საერთოდ საზოგადოებისათვის და არამარტო ქართული საზოგადოებისთვის, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ზიანდება ასეთი უსამართლო შეფასებებისგან, გაურკვევლობას იწვევს ხშირ შემთხვევაში და ხშირ შემთხვევაში ხელს უშლის პოზიტიური პროცესების განვითარებას, მითუმეტეს ორმხრივ ურთიერთობაში.
აქედან გამომდინარე არ ველოდებით, რომ ეს აქტი საბოლოოდ დამტკიცდება. არანაირ სასჯელს არ ვიმსახურებთ, მათ შორის რაც ამ აქტშია ჩამოყალიბებული. ის რომ ომში არ ჩავერთეთ წინა ადმინისტრაციის მოთხოვნის დროს, ეს არ არის მიზეზი, რომ რამენაირად საქართველოს ინტერესებს ჩრდილი მიადგეს," - ამბობს ვოლსკი.
სენატორებმა, რომლებიც MEGOBARI act-ის დაჩქარებული წესით განხილვას ეწინააღმდეგებოდნენ, პოზიციები შეიცვალეს. MEGOBARI act-ს ბლოკი მოხსნეს სენატორმა ტიმ სკოტმა და მაიკლ ლიმ.
ახლა, MEGOBARI act-ის დაჩქარებული წესით განხილვისთვის პოზიცია მარკვეინ მალინმა და რენდ პოლმა უნდა შეცვალონ.
მანამდე ჟურნალისტის, ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, აღნიშნულმა სენატორებმა განაცხადეს, რომ ლობისტურმა ჯგუფებმა შეიყვანეს შეცდომაში, რომ თითქოს MEGOBARI აქტი მთელ ერს ასანქცირებდა.