ლაშა ცანავა: სუს-ში, ორი თანამდებობის პირი მოვიდა, ხაბეიშვილს ფარულად ჩაწერის სანაცვლოდ, ფული და გათავისუფლება შემომთავაზეს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლაშა ცანავა სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ დაკავების შემდეგ, მოდულის შენობაში მასთან, ორი დიდი თანამდებობის პირი შევიდა და გათავისუფლების სანაცვლოდ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ფარულად ჩაწერა შესთავაზა.
ცანავამ საკუთარ სასამართლო პროცესზე განაცხადა ისიც, რომ ეს პირები მას თანამშრომლობის სანაცვლოდ, "დიდ ფულს" სთავაზობდნენ.
მისი თქმით, ის უახლოეს მეგობარს და თანამებრძოლს არასდროს უღალატებს:
"გასაგებია, რატომაც დამაკავეს. რომ ამიყვანეს "მოდულის" შენობაში ორი დიდი თანამდებობის პირი მოვიდა და მესაუბრა.
შემომთავაზა თავისუფლება, დიდი ოდენობით თანხა და ამისთვის ჩემი უახლოესი მეგობრის - ლევან ხაბეიშვილის ყველა ნაბიჯის ჩაიწერა, სად მიდის, ვის ელაპარაკებაო.
მე ლევანის უახლოესი გარემოცვა ვარ.
მათი[სუს-ის] სულ უფროსი, ლევანის ბევრჯერ უხსენებია "ფოხანათი", ოხანაშვილზეა საუბარი, ლევანზე გამწარებული, უნდოდათ ჩემი ხელით ჩამეწერა, მესმინა, მეთანამშრომლა. ასეთ რაღაცას ცხოვრებაში არ გავაკეთებ. ჩემთვის კაცობა და ერთგულებაა პირველი",- განაცხადა ცანავამ.
ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა – წინასასამართლო სხდომა 22 სექტემბერს გაიმართება.
ლაშა ცანავას ბრალდება გუშინ წაუყენეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა. გამოძიება ირწმუნება, რომ ამ უკანასკნელმა მოთხოვნილი თანხის ნაწილი უცხო ქვეყნის მოქალაქეს მის ანგარიშზე ჩაარიცხინა, ნაწილი კი - 2500 აშშ დოლარი 2025 წლის მაისში და ივნისში შეხვედრებისას გამოართვა.
წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.