ვინ გვატყუებს - რა თქვა კობახიძემ და რას ამბობენ სპეცრაზმელები?
თუკი ჩაძიება უნდოდა 8 თვე რას ელოდებოდა და თუ მოძალადე სპეცრაზმელთა იდენტიფიცირება მაინც შეუძლებელია, მაშინ რას ეძიება? - ივანიშვილის პრემიერის თავის მართლებამ დამატებითი კითხვები გააჩინა. ვერსიებში ჩაკარგულ კობახიძეს დაავიწყდა, რომ გასულ თვეს, სინდისის 11 პატიმრის პროცესზე, გდდ-ს თანამშრომელი ლაშა გელაშვილი თავდაჯერებული ყვებოდა, რომ სპეცრაზმელებს სპეციალური ნომრები ჰქონდათ მინიჭებული. ეს ჩვენება კობახიძის არგუმენტს პრაქტიკულად აბათილებს.
ვინ გვატყუებს? კობახიძე თუ გდდ-ს თანამშრომელი? - ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს პროევროპული აქციების დროს სასტიკად ნაცემ ზვიად მაისაშვილს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნება” მოძალადე სპეცრაზმელებს შეგნებულად არ სჯის, რადგან თავად არის ძალადობის დამკვეთიც და წამხალისებელიც.
მოძალადეების დასჯას უშედეგოდ ელოდებიან სასიკვდილოდ გამეტებული ჟურნალისტები, რომლებსაც თავს კამერების წინ, პირდაპირ ეთერში დაესხნენ. პასუხისმგებელმა უწყებებმა საქმეები არათუ თაროზე შემოდეს, არამედ, მედიის მიერ ჩატარებული გამოძიება დააიგნორეს და კრიმინალები დაუსჯელები დატოვეს.