"ძალიან ცხადად გამოჩნდა, რომ ჩართული არის ხელისუფლება" - ზურაბიშვილი მზია ამაღლობელის პროცესის შემდეგ

01.08.25 23:34
"ძალიან ცხადად გამოჩნდა, რომ ჩართული არის ხელისუფლება" - ზურაბიშვილი მზია ამაღლობელის პროცესის შემდეგ

"ძალიან ცხადად გამოჩნდა, რომ ჩართული არის ხელისუფლება," - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, დღეს ყველაზე ნათელი ის იყო, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს მზია ამაღლობელის საქმეში და ამის შესახებ ადვოკატებმა დეტალურად ისაუბრეს. 

რისთვის სჯიან? - ჯერ არ სჯიან და იმედი, რომ მაქვს ეს არ იქნება იმიტომ, რომ დღეს ყველაზე ნათელი ის იყო, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ყველა ის ბრალდებები, უფრო სწორედ ჭორები იმის შესახებ, რომ მზია ვიღაცის დავალებით რაღაცას ასრულებდა, ეს მითები და კონსპირაციის თეორიები, დიფ სტეიტი და ყველაფერი ჩამოიშალა. არაფერი არ არის საქმეში რეალურად, გარდა ცრუ ჩვენებებისა. 

ადვოკატმა ეს ყველაფერი ისე დეტალურად ახსნა, მართლა 10 საათი ვიქენით და ამის იქით უკვე აღარაფერი არ არის სათქმელი. ძალიან ცხადად გამოჩნდა, რომ ჩართული არის ხელისუფლება ამაში, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა, რომ ეს საქმე გახდეს პოლიტიკური, ეს არ არის პოლიტიკური საქმე და უნდა დამთავრდეს ასე. 

ორშაბათ მოვისმენთ მზიას განცხადებას. მოითხოვა, რომ დღეს უკვე აღარ შეეძლო მისი გაკეთება. მე ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის მერე სასამართლო ან თავის თავს გამოუტანს განაჩენს, ან თავისუფლება მზიას," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ის 4 აგვისტოს, ორშაბათს მზია ამაღლობელის განაჩენის გამოცხადებასაც დაესწრება. 

ცნობისთვის, დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის დასკვნითი პროცესი დაახლოებით 9 საათი მიმდინარეობდა. დაცვის მხარემ საბოლოო სიტყვა წარმოთქვა. სინდისის პატიმრის პროცესი 4 აგვისტოს გაგრძელდება. 

მსგავსი სიახლეები