კობახიძემ "გლობალური ომის პარტია" ევროპის მტრად გამოცხადა
ირაკლი კობახიძემ "გლობალური ომის პარტია" ევროპის მტრად გამოცხადა - ბეშუმში, „შუამთობის" სახალხო დღესასწაულზე ჩასული "ოცნების" პრემიერი დღეს მედიასთან ირწმუნებოდა, რომ "გლობალური ომის პარტია" ევროპას და ევროპელებს "იდენტობას ართმევს".
„გლობალურ ომის პარტიას“ და ამერიკელები უწოდებენ Deep State-ს, ამ ძალას სურს, რომ მთლიანად დააკარგვინოს ევროპას საკუთარი იდენტობა, მათ შორის, ევროპელებს დაუკარგონ პიროვნული იდენტობა. სტატისტიკა არის შემაშფოთებელი. ახალგაზრდა თაობაში უკვე 20%-ს გადააჭარბა ერთნაირსქესიანთა წყვილების რაოდენობამ, შესაბამისი ორიენტაციის მქონე ადამიანების რაოდენობამ. ეს არის პროპაგანდის შედეგი, გამუდმებული, დაჟინებული პროპაგანდის შედეგი. ჩვენ ვიცავთ ამ პროპაგანდისგან ქართულ საზოგადოებას. რაც თქვა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ეს არის იმის გამოხატულება, რომ ეს პროპაგანდა არის სრულად მხარდაჭერილი, სამწუხაროდ, დღევანდელი ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ საზოგადოებებს ვერ იცავენ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები, ან არ იცავენ, გააჩნია სად რა შემთხვევაა და უნდათ, რომ ეს ყველაფერი გადმოიტანონ საქართველოზეც. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ რისკები და პრობლემები არის სერიოზული, პროპაგანდას აქვს თავისი ძალა, ამიტომ უნდა დავუპირისპირდეთ მას“,- განაცხადა კობახიძემ.