ნინო დათაშვილის შერაცხადობის დადგენა ჩააბარეს კაცს, რომელიც ნაწამები ჟურნალისტის მემუარებშია მოხსენიებული
დავით მაღრაძე, რომელსაც დაკავებული პედაგოგის, ნინო დათაშვილის შერაცხადობის დადგენა ჩააბარეს, საბჭოთა კავშირის მიერ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში უსაფუძვლოდ მოთავსებული და სასტიკი მეთოდებით ნაწამები ჟურნალისტის, ნაზი შამანაურის მემუარებშია მოხსენიებული.
ეს უკანასკნელი, სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებს.
- გუშინ გაირკვა, რომ პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი აქტივისტის, ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, სასამართლომ კი აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
როგორც ადვოკატი თამარ გაბოძე განმარტავს, პროკურატურის შუამდგომლობა ეფუძნება სამედიცინო ჩანაწერებს, რომელიც დაცვის მხარემ პირველი წარდგენის სხდომაზე გაუცვალა ბრალდების მხარეს, რომლებშიც მითითებულია, რომ ნინო დათაშვილს აქვს მძიმე დიაგნოზი: ხერხემლის მალთაშუა დაზიანება, თიაქარი და რადიკულიტი, თანმხლებ სიმპტომად კი მითითებულია ემოციური ლაბილობა.
დაპატიმრებული პედაგოგის უფლებადამცველებმა საქალაქო სასმართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრეს. იურისტები, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.
ამასთან, უფებადამცველები თბილისის საქალაქო სასამართლოში ახლად დანიშნული მოსამართლის, ფიქრია სიქტურაშვილი იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომელმაც პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა დაკავებული ნინო დათაშვილის 20 დღით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი გადაყვანის შესახებ.
ადვოკატები მოუწოდებენ საექსპერტო ჯგუფის წევრებს, იხელმძღვანელონ იმ სამედიცინო დოკუმენტებით, რომელიც საქმეს თან ახლავს. უფლებადამცველების თქმით, პროკურატურამ ეს სამედიცინო დასკვნა ბოროტად გამოიყენა და ქალ აქტივისტს პატიმრობა გაუხანგრძლივა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ ნინო დათაშვილს ექსპერტიზას პროკურატურა უტარებს ხერხემელზე გაკეთებული ოპერაციის გამო.
ნებისმიერი ექსპერტი, რომელიც ამაში მიიღებს მონაწილეობას, ვალდებულია, იზხელმძღვანელოს ერთის მხრივ ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით და მეორე მხრივ, იმ კონკრეტული ვალდებულებებით, ექსპერტის ვალდებულებით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის განმარტება: როდის უტარდება ადამიანს სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
მოვუწოდებ თითოეულ მათგანს, პირნათლად შეასრულოს თავიანთი პროფესიული მოვალეობა და არ დაუშვან ადამიანის ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება, იმიტომ რომ მას ხერხემალზე გაკეთებული აქვს ოპერაცია"- აცხადებს უფლებადამცველი.
ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.