ცენტრალურ აზიამდე თუ რუსეთში? - ავტომობილების რეექსპორტი რეკორდულად გაიზარდა
საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა - კვლევას "ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტი" ავრცელებს.
IDFI-ის ცნობით, წლის პირველ 6 თვეში ქვეყნიდან რეექსპორტზე 1.2 მლრდ. დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი გავიდა;
ამავე კვლევის თანახმად, 2021 წლიდან დღემდე საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი 493%-ით გაიზარდა;
"ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტი" წერს, რომ იანვარ-ივნისში საქართველოდან ყირგიზეთში ექსპორტზე დაახლოებით ორჯერ მეტი ღირებულების პროდუქცია (681.მლნ აშშ დოლარი, მათ შორის 628.2 მლნ. დოლარის მსუბუქი ავტომობილი) გავიდა, ვიდრე ჯამურად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში (372.7 მლნ. დოლარი ).
ირკვევა, რომ რეექსპორტზე გატანილი ავტომობილების საშუალო ღირებულება ბოლო წლებში დაახლოებით 3-ჯერ გაიზარდა. თუკი 2021 წელს თითო საექსპორტო ავტომობილის ღირებულება 7,600 დოლარის ფარგლებში იყო, 2025 წელს მან 24,000 დოლარს გადააჭარბა, რაც მიანიშნებს რომ ქვეყნიდან რეექსპორტზე მაღალი საფასო კატეგორიის ავტომობილები გადის.
მკვლევარებისთვის ცენტრალური აზიის ქვეყნებში ავტომობილების რეექსპორტის რეკორდულად მზარდი მაჩვენებლები, ეჭვებს აჩენს რუსეთში სანქცირებული ტვირთის მოსახვედრად საქართველოს დერეფნის გამოყენების შესახებ.
საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რეექსპორტი ძირითადად ცენტრალური აზიის ისეთ ქვეყნებში იზრდება, სადაც ტრადიციულად ავტომობილების რეექსპორტი მინიმალური იყო.
კვლევაში მოყვანილი გარემოებები, რომლებიც დაკავშირებულია ცალკეული განვითარებადი ეკონომიკების მქონე ქვეყნების მიერ ძვირადღირებულ მანქანებზე მოთხოვნის რადიკალურ ზრდასთან, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი მედიის მიერ გამოვლენილი ფაქტები, შესაძლებელია მოწმობდეს რომ საქართველოს დერეფნის გავლით გატარებული ავტომობილების საბოლოო დანიშნულების პუნქტი არა ცენტრალური აზიის ქვეყნები, არამედ რუსეთია.
ადგილობრივი კანონმდებლობით, რუსეთსა და ბელარუსში ავტომობილების პირდაპირი რეექსპორტი აკრძალულია და ოფიციალური სტატისტიკითაც, 2023 წლის შემდგომ ექსპორტის შემთხვევები არ ფიქსირდება, თუმცა სახელმწიფო დონეზე ვერ კონტროლდება, თუ რა საბოლოო მიმართულებით მიდის საქართველოდან, მაგალითად, ყაზახეთსა და ყირგიზეთში ექპსორტირებული ტვირთი. თავის მხრივ, მზარდი სტატისტიკა არ გამორიცხავს აღნიშნული ქვეყნებისთვის დასავლეთის მხრიდან დამატებითი სანქციების დაწესებას, მაგალითად, იმპორტის აკრძალვას, რაც ბუნებრივია დიდ გავლენას იქონიებს ამ ბაზრებზე დამოკიდებული ქართული ავტოიმპორტიორების დარგზე. მეორეს მხრივ, ფაქტები, რომლებიც ცხადყოფს, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებს ავტომობილები სწორედ საქართველოდან მიეწოდება, მნიშვნელოვან რეპუტაციულ ზიანს აყენებს ქვეყანას და აღიქმება, როგორც რუსეთისთვის სანქცირებული ტვირთის გამტარი დერეფანი"- წერია კვლევაში.
ავტომობილების რეექსპორტის რეკორდული ზრდა - კვლევა სრულად ნახეთ ბმულზე