ირაკლი კუპრაძე: ერთ მხარესაა მზია, რომელიც იბრძვის ღირსებისთვის, მეორე მხარეს - ზლუქუნა ბიჭი, რომელსაც თურმე ლოყა აუწითლდა
"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, მოსამართლე ნინო სახელაშვილის მიერ მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენის გამოცხადების გადადება და ასეთ სიცხეში, მისი რუსთავიდან ბათუმში პროცესებზე ტარება "სისტემის სახეა, რომელიც ჩაგრავს ქალს".
ირაკლი კუპრაძის თქმით, ერთ მხარეს დგას მზია ამაღლობელი, რომელიც აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლების და ღირსებისთვის და მეორე მხარეს ვხედავთ "ზლუქუნა, ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც ამბობს, რომ თურმე ლოყა აუწითლდა და ეტკინა".
"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი მოქალაქეებს მოუწოდებს 6 აგვისტოს კვლავ შეიკრიბონ ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან.
დღეს გადაავადა მურუსიძის სასამართლომ მზია ამაღლობელის პროცესის ფინალი და გადაწყვეტილების გამოცხადება, მარტივი მიზეზით იმიტომ, რომ იქ იყვნენ გაბრაზებული მოქალაქეები, ამიტომ 6 აგვისტოსაც გაბრაზებული, პატრიოტი მოქალაქეები უნდა შევიკრიბოთ ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან.
ის ტანჯვა, რასაც ახორციელებენ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ, 40 გრადუს სიცხეში, ყოველდღე, რუსთავიდან ჩამოყვანა და ეტაპირება, შემდეგ უკან დაბრუნება, ეს არის სისტემის სახე, რომელიც ჩაგრავს ქალს. მეორე მხარეს ჩვენ ვხედავთ ზლუქუნა, ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც ამბობს, რომ თურმე ლოყა აუწითლდა და ეტკინა.
ჩვენ ვხედავთ მოქალაქეს, ქალს, მზია ამაღლობელს, რომელიც ყველა ხელისუფლების ოპოზიციაში იყო, ყველა ხელისუფლებას აკრიტიკებდა და ის აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლების და იმ ღირსებისთვის, რომელიც მას "ქართულმა ოცნებამ", ივანიშვილმა და ირაკლი დგებუაძემ შეულახეს," - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ცნობისთვის, დღეს, სინდისის პატიმარმა, მზია ამაღლობელმა სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა. მოსამართლე, ნინო სახელაშვილი მის საქმეზე განაჩენს 6 აგვისტოს გამოაცხადებს.