რატომ არ იწვევენ ევროპულ საქმეთა მინისტრების სექტემბერში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს -დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება
რატომ არ არის საქართველო მიწვეული 1-2 სექტემბერს დანიაში, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ევროპულ საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელსაც უკრაინის, მოლდოვას, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და თურქეთის წარმომადგენლები ესწრებიან.
როგორც “ინტერპრესნიუსს“ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, “საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერება გადაწყვიტა. შესაბმისად, დანია, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, სექტემბერში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსით არ მოიწვევს.“
საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ დანია პოლონეთის თავმჯდომარეობის დროს შექმნილ პრაქტიკას მიჰყვება.
2024 წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მან ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერება გადაწყვიტა. ევროკავშირმა ეს გაითვალისწინა. დანიის მხრიდან [ევროკავშირის საბჭოს] თავმჯდომარეობა პოლონეთის თავმჯდომარეობის დროს შექმნილ პრეცედენტს მიჰყვება და, ზოგადი წესის მიხედვით, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსით არ მოიწვევს“, - აცხადებენ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ინფორმაციისთვის, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ევროპულ საქმეთა მინისტრები უკრაინის, მოლდოვას, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და თურქეთის წარმომადგენლებთან ერთად 1-2 სექტემბერს არაფორმალურ შეხვედრაზე შეიკრიბებიან. შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოების სხვადასხვა ასპექტი იქნება.
ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში საქართველო ნახსენები არ არის.