მასწავლებლების მიმართვა საელჩოებს: „ყველა შესაძლო ბერკეტი გამოიყენოთ მანკიერი სისტემისგან ნინო დათაშვილის დასაცავად“
მასწავლებელთა პროფესიული ჯგუფი დიპლომატიურ წარმომადგენლობას განცხადებით მიმართავს. განცხადებაზე ხელმომწერი პედაგოგები დიპლომატიურ წარმომადგენლობას სთხოვენ, ყველა შესაძლო ბერკეტი გამოიყენნონ ნინო დათაშვილის დასაცავად.
განცხადების ავტორები დაკავებული პედაგოგისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას "მიზანმიმართულ დევნად, უაკნონო და არაადამიანურ წამების ტოლფას ქმედებად აფასებენ".
განცხადებას ამ დროისთვის 271 მასწავლებელი აწერს ხელს.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„როგორც მოგეხსენებათ, 2025 წლის 20 ივნისს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელებმა, პროცედურული ნორმების დარღვევით, ძალადობრივი ფორმით დააკავეს მასწავლებელი და აქტივისტი ნინო დათაშვილი. მას აღკვეთის ღონისძიებად, დასაბუთების გარეშე, მხოლოდ პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე შეეფარდა წინასწარი პატიმრობა. შემდეგი პროცესი დაინიშნა 7 აგვისტოს.
იზოლატორში გადაყვანის შემდეგ ნინო განიცდის ხერხემლის არეში მომეტებულ ტკივილს. შესაძლებელია, ეს პროვოცირებული იყოს სასამართლოს შენობაში, მანდატურების მხრიდან მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობით. უნდა აღინიშნოს, რომ შესაბამისი პროფილის ექიმთან კონსულტაციის შესაძლებლობა მას არ ეძლეოდა მოთხოვნიდან რამდენიმე დღის განმავლობაში.
2 აგვისტოს ნინოს უფლებადამცველებისგან ცნობილი გახდა, რომ ბრალდების მხარემ დააყენა ფსიქიატრიული ექსპერტიზის შუამდგომლობა შერაცხადობის დადგენის თაობაზე. ბრალდების მხარემ შუამდგომლობის საფუძვლად გამოიყენა 2019 წლის სამედიცინო დასკვნა, რომელშიც ერთ-ერთ სიმპტომად ნახსენებია პაციენტის “ემოციური ლაბილობა”. თუმცა, ამ დოკუმენტის შინაარსი არ არის რელევანტური ნინო დათაშვილის წინააღმდეგ აღძრულ მიმდინარე საქმესთან.
ბრალდების მხარემ სწორედ ეს დოკუმენტი გამოიყენა მის მიმართ მორიგი აბსურდული, ღირსებისა და უფლების შემლახავი, მადისკრედიტირებელი მოთხოვნის გასამართლებლად. ნინოსთვის შეტყობინების გარეშე ჩაინიშნა რიგგარეშე სასამართლო სხდომა, სადაც პროკურატურამ მოითხოვა სავალდებულო ფსიქიატრიული ექსპერტიზა პიროვნების შერაცხადობის დასადგენად.
სასამართლომ უმოკლეს ვადაში დაადგინა, რომ თუკი ნინო უარს განაცხადებს ექსპერტიზაზე, მის მიმართ გამოიყენებენ იძულებით აღსრულებას.
შეგახსენებთ, რომ ძალდატანებითი ფსიქიატრიული მკურნალობა საბჭოთა ეპოქის დასრულების შემდეგ საქართველოში პრაქტიკაში აღარ განხორციელებულა. ეს არის ტიპურად საბჭოური მეთოდი, საზოგადოების აქტიური და კრიტიკულად განწყობილი წევრების მიმართ ძალადობისა, რომელიც დღემდე გრძელდება რუსეთის ფედერაციაში.
ნინო დათაშვილის საქმეში შერაცხადობის გადამოწმების საკითხის შემოტანა აჩენს შეკითხვებს ბრალდების მხარესთან, რადგან ეს შუამდგომლობა, სავარაუდოდ, ემსახურება ნინოს როგორც პიროვნებისა და როგორც მასწავლებლის როლის დისკრედიტაციას. ჩნდება ეჭვი, რომ პროკურატურა ამ გზით ცდილობს მისთვის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებას.
მასწავლებელთა პროფესიული ჯგუფის სახელით, ვგმობთ აღნიშნულ მიზანმიმართული დევნის, უკანონო, არაადამიანურ და წამების ტოლფას ქმედებას.
გთხოვთ, თქვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლო ბერკეტი გამოიყენოთ მანკიერი სისტემისგან ნინო დათაშვილის დასაცავად.“
ხელმომწერთა განახლებადი სია: მასწავლებლების მიმართვა საელჩოებს