"ღალატის კომისია" - წულუკიანის დასკვნა შურისძიების აქტად შეფასდა

04.08.25 20:24
"ღალატის კომისია" - წულუკიანის დასკვნა შურისძიების აქტად შეფასდა

თეა წულუკიანის კომისიამ მუშაობა ისე დაასრულა, რომ ბოლო სხდომაზეც ვერ გავიგეთ რა დაადგინა და ვის წინააღმდეგ დადო დასკვნა. მოლოდინი, რომ დღეს წულუკიანი მთავარ აქცენტებზე მაინც ილაპარაკებდა არ გამართლდა. დღეს მხოლოდ მადლობების დღე იყო. გავიგეთ, რომ 430-გვერდიანი დასკვნა პროკურატურაში წავა. წულუკიანზე უფრო მეტი თქვა, ამავე კომისიის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა. 

თუ ამ კომისიის მიზანი არავის დასჯა არ ყოფილა, მაშინ რისთვის ზის ციხეში ის ხალხი ვინც ამ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო საკანში უკანონოდ გამოკეტეს და პოლიტიკური ლიდერები პოლიტპატიმრებად აქციეს. კომისიის ხმაურიანი სხდომების ჩუმი ფინალი ყველასთვის მოულოდნელი იყო.  

7 აგვისტოს, 17 წელი სრულდება, რაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა და ომი დაიწყო. ამ ომში ამ კომისიის არაერთი წევრი საკუთარ ქვეყნას სდებდა ბრალს. შეეშინდა თუ არა "ქართულ ოცნებას" კომისიის დასკვნის გამო კიდევ ერთი დიდი პროტესტის და ამიტომ გადაწყვიტა ხმაურიანი დაპირებებით შექმნილ კომისიას ჩუმი დასასრული ჰქონოდა?

კომისია თავდაპირველად "ნაციონალურ მოძრაობის" მმართველობის პერიოდის გამოსაძიებლად შეიქმნა, თუმცა ისე დაასრულა მუშაობა, რომ "ნაცმოძრაობის" ლიდერების უდიდესი ნაწილი სხდომებზე არც კი დაუბარებიათ. დღეს, პარტიამ რომელსაც ამ კომისიის საშუალებით გაუქმებას უანონსებდნენ, განაცხადა, რომ ასეთი რუსული საქმეების კეთებისთვის მშვიდობიანი რევოლუციით დამხობა "ქართული ოცნების" ფინალი იქნება. 

მსგავსი სიახლეები