"ქართული ოცნება" არც ე.წ კოზაკის ფორმატზე მიიწვიეს

05.08.25 13:12
"ქართული ოცნება" არც ე.წ კოზაკის ფორმატზე მიიწვიეს

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი არ იქნება მიწვეული ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების ფორმატის შეხვედრაზე დანიაში - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

პაპუაშვილის განცხადებით, დანიის პარლამენტის თავმჯდომარემ ეს გადაწყვეტილება საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერებით დაასაბუთა. გაირკვა, რომ პასუხად შალვა პაპუაშვილმა დანიას წერილი გაუგზავნა, რომელშიც ის ირწმუნება, რომ "ეს დეზინფორმაციაა".

დანიის პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტიდან გარკვეული პერიოდის წინ მივიღეთ წერილი, რომ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი არ იქნება მიწვეული ე.წ. კოზაკის ფორმატზე, დანიაში, რაც გულისხმობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპულ საქმეთა კომიტეტების და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროსაქმეთა კომიტეტების ერთობლივ სესიას.

დღეს გავასაჯაროებ წერილსაც და ჩემს პასუხსაც ამ წერილთან დაკავშირებით, მე პასუხი მივწერე დანიის პარლამენტის თავმჯდომარეს, კიდევ ერთხელ მოვახსენე, რომ რა თქმა უნდა, ეს არის დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ, მთავრობამ შეაჩერა ევროპული ინტეგრაცია და მეტიც, ეს არის კოზაკის წესების დარღვევა და მივუთითე პირდაპირ წესდების მუხლები, რომლებიც უფლებას აძლევს კანდიდატ ქვეყნებს, მონაწილეობა მიიღოს ამ ფორმატში.

არანაირი უფლება არ აქვს მიცემული არავის, რომ შეზღუდოს ეს მონაწილეობა. დანიის ხელისუფლება არღვევს პროცედურებს და ნორმებს, რომლებიც შეთანხმებულია", - ამბობს შალვა პაპუაშვილი. 

ამასთან, შეგახსენებთიმასაც, რომ კოპენჰაგენში, სადაც  სექტემბერში ევროკავშირის წევრის სახელმწიფოების არაფორმალური შეხვედრაა დაგეგმილი, საქართველო  არ მიიწვიეს.

დანიაში, სადაც ევროპის გაფართოებაზე და  კანდიდატი ქვეყნების მიერ გატარებულ რეფორმებზე  უნდა იმსჯელონ, ყველა კანდიდატი  ქვეყნის წარმომადგენელი ჩავა: დაპატიჟეს უკრაინა, მოლდოვა და თურქეთიც, მაგრამ არ მიიწვიეს   "ქართული ოცნების" არცერთი წარმომადგენელი.

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მიზეზი "ქართული ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, რომელმაც 2028 წლამდე  ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა.

 

მსგავსი სიახლეები