პაპუაშვილი დანიის პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს
შალვა პაპუაშვილი დანიის პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს - "ქართული ოცნების" წევრი, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ევროპულ საკითხთა კომიტეტების COSAC-ის კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციის მოწვევაზე უარის თქმის გამო შეშფოთებულია.
პაპუაშვილი წერს, რომ "ქართული ოცნების" მთავრობას არასდროს განუცხადებია, რომ "ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს აჩერებს".
"ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე ვრცელ წერილში ამტკიცებს, რომ "საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს, რათა შეასრულოს კანდიდატი ქვეყნის წინაშე არსებული მოთხოვნები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესაბამისად".
- პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი ლევან მახაშვილი დანიაში, EU-ის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ევროპულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივ სესიაზე არ მიიწვიეს.
“თქვენო აღმატებულებავ,
გწერთ, დანიის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ქალბატონი ბრიჯიტ კლინცკოვ იერკელის წერილის საპასუხოდ. მან წერილი საქართველოს პარლამენტის ევროპული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონ ლევან მახაშვილს გაუგზავნა. ქალბატონი იერკელი წერილში აღნიშნავს, რომ ის, ასევე, წერს დანიის პარლამენტის საფინანსო და საგარეო პოლიტიკის კომიტეტების თავმჯდომარეების სახელით.
წერილიდან ირკვევა, რომ დანიის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აპირებს, რომ არ მოიწვიოს საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) შეხვედრებზე, იმ მოტივით, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა.
გასაკვირია, რომ ეს საკითხი საქართველოს დელეგაციის არმოწვევის საბაბად გამოიყენება, რადგან საქართველოს მთავრობას არასდროს განუცხადებია, რომ აჩერებს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. პირიქით, საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს, რათა შეასრულოს კანდიდატი ქვეყნის წინაშე არსებული მოთხოვნები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესაბამისად.
დანიის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თავის წერილში აღიარებს, რომ საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას, “აქვს უფლება, მოწვეული იყოს COSAC-ის შეხვედრებზე”. მართლაც, COSAC-ის რეგლამენტის 3.2 მუხლი ადგენს, რომ “თითოეული კანდიდატი ქვეყნის პარლამენტის სამი წევრი მოწვეული უნდა იყოს დამკვირვებლის სტატუსით COSAC-ის პლენარულ და რიგგარეშე შეხვედრებზე” და არ შეიცავს არანაირ რეგულაციას მათ მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ.
ამრიგად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს დელეგაციის მოწვევაზე უარის თქმა საქართველოს პარლამენტის COSAC-ის შეხვედრაში მონაწილეობის უფლების დარღვევაა. ამავე დროს, მინდა აღვნიშნო, რომ დანიის პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეების მიერ COSAC-ის რეგლამენტის დარღვევა ეწინააღმდეგება, უკანასკნელ პერიოდში სერიოზული გამოწვევების წინაშე მყოფი, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ნორმებსა და სულისკვეთებას, და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება ევროკავშირის ხელშეკრულებებში განსაზღვრულ ფუნდამენტურ საყრდენებს.
თქვენო აღმატებულებავ,
მტკიცედ მჯერა, რომ ევროპული ინტეგრაციის არსი დიალოგისა და მოსაზრებების გაცვლის ხელშეწყობაში მდგომარეობს, და არა მათ დაბლოკვაში, განსაკუთრებით კი წესების დარღვევით.
მზად ვართ მომავალი თანამშრომლობისა და დიალოგისთვის.
გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას.
შალვა პაპუაშვილი“, - წერს გაგზავნილ წერილში შალვა პაპუაშვილი.