"ოცნება" დიპლომატების წინააღმდეგ - პაპუაშვილის მიმართვა ელჩებს

06.08.25 10:00
"ოცნება" დიპლომატების წინააღმდეგ - პაპუაშვილის მიმართვა ელჩებს

"ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატებს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნებულ წერილში წერს და ამტკიცებს, რომ  დიპლომატები როგორც განცხადებებით, ისე აგიტაციის დაფინანსებით  არიან დაკავებულები. 

ეს არჩევნები იქნება ტესტი იმის დასანახად, თუ ვინ სცემს პატივს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და ვინ - მხოლოდ, ხინკალს - დაწერა პაპუაშვილმა.

დღეიდან ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული რეგულაციები, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, საარჩევნო სუბიექტის სასარგებლო ან საწინააღმდეგო აგიტაციაში მონაწილეობას ეხება.

საარჩევნო კანონმდებლობა ვრცელდება საქართველოში მყოფ ყველა პირზე, მათ შორის, დიპლომატებზეც. ვენის კონვენციის 41-ე მუხლის შესაბამისად, დიპლომატები "ვალდებული არიან პატივი სცენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებს. ისინი აგრეთვე ვალდებული არიან არ ერეოდნენ ამ სახელმწიფოს საშინაო საქმეებში".

სამწუხაროდ, ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას, ჭარბად ვიხილეთ წინასაარჩევნო აგიტაციაში უცხოელი პოლიტიკოსების და დიპლომატების მონაწილეობა, როგორც განცხადებებით, ისე აგიტაციის დაფინანსებით. რაც, როგორც ვენის კონვენციის, ისე საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევა იყო.

ეს აღარ უნდა განმეორდეს.

ამიტომ, განსაკუთრებით მივმართავ საქართველოში აკრედიტებულ უცხოელ დიპლომატებს, დაიცვან ვენის კონვენცია, პატივი სცენ საქართველოს კანონმდებლობას და ქართველი ხალხის უფლებას უცხოური ჩარევის გარეშე გააკეთოს არჩევანი.

ეს არჩევნები იქნება ტესტი იმის დასანახად, თუ ვინ სცემს პატივს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და ვინ - მხოლოდ, ხინკალს.

ჩვენ, ამ საკითხს, დეტალურად მივადევნებთ თვალყურს“, - წერს პაპუაშვილი.

მსგავსი სიახლეები