რაჟდენ კუპრაშვილი მამუკა ხაზარაძის ქონებრივი დეკლარაციის შესწავლას იწყებს
რაჟდენ კუპრაშვილმა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ქონებრივი დეკლარაციის შესწავლა დაიწყო. ანტიკორუფციულმა ბიურომ დეკლარაციის მონიტორინგის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
კუპრაშვილის უწყება ამტკიცებს, რომ მონიტორინგის მიზანია დადგინდეს, შეესაბამება თუ არა პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის დეკლარაციაში მითითებული მონაცემები კანონით დადგენილ სტანდარტებს.
ანტიკორუფციული აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასა და ამ ქონებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ სსიპ – ანტიკორუფციული ბიურო ახორციელებს საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, მამუკა ხაზარაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგს.
მონიტორინგის მიზანია დადგინდეს დეკლარაციაში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე და შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თანამდებობის პირს ეკისრება კანონით დადგენილი ვალდებულება, დეკლარაციაში სრულად და სწორად ასახოს პირის და პირის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ქონება და ყველა ტიპის გარიგება.
ბიუროს მიერ მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში ყურადღება ეთმობა დეკლარაციაში იმ მონაცემების ასახვის სიზუსტეს, რომლებიც უკავშირდება მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასა და აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს.
განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს ის გარემოება, თუ რა მიზეზით არ აისახა დეკლარაციაში შეთანხმება, რომელიც მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრმა გააფორმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან.
მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს, იყო თუ არა ხელშეკრულების დამალვა მიზანმიმართული, უკავშირდება თუ არა შემოსავლის დაფარვის მცდელობას და რამდენად შეესაბამება ეს ქმედება კანონით დადგენილ ვალდებულებებს.
ამასთანავე, ბიურო აგრძელებს პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მუდმივ მონიტორინგს, რაც გულისხმობს შემოწირულებების კანონიერების შეფასებას.
ამ კონტექსტში მიმდინარეობს მამუკა ხაზარაძის მიერ დეკლარირებულ შემოწირულებებთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა, რათა სრული სურათი შეიქმნას პოლიტიკური კორუფციის შესაძლო რისკებთან დაკავშირებით”,- აღნიშნულია განცხადებაში.
შემოსავლების სამსახურმა 4 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, სადაც დაწერა, რომ იკვლევს გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული ბინის ქირაობის ამბავს.
უწყების მტკიცებით, აღნიშნული საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა ფაქტების მოკვლევა დაიწყო.
"ქართულ ოცნებას" ციხიდან უპასუხა "ლელო-ძლიერი საქართველოს" ლიდერმაც- მამუკა ხაზარაძემ ამ ყველაფერს "აღვირახსნილი კამპანია" უწოდა.
პოლიტიკოსი, რომელიც წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ციხეში ზის, წერს, რომ ქირავნობა სრულიად კანონიერად, ოფიციალურად რეგისტრირებულია.
რაც შეეხება დაბეგვრის საკითხს, როგორც მამუკა ხაზარაძე განმარტავს, მისმა ოჯახმა გასულ კვირას თავად მიმართა შემოსავლების სამსახურს გადასახადის ზუსტი ოდენობის დადგენის საკითხზე და გასულ კვირაშივე მოხდა ბიუჯეტში შესატანი თანხის გადარიცხვა.
მსგავსი სიახლეები
ევროკომისიაში განმარტეს, თუ რატომ გახდა ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე დიალოგის პირველი ჩანიშვნა აუცილებელი
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.