რეჟიმს გამბედაობა აღარ აქვს - სალომე ზურაბიშვილი

06.08.25 14:14
რეჟიმს გამბედაობა აღარ აქვს - სალომე ზურაბიშვილი

რეჟიმს უკან დახევის გამბედაობა არ ეყო, ვერც ბოლომდე გაიტანა თავისი - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა. 

სალომე ზურაბიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში იმყოფებოდა. 

ეს მეტყველებს პირველ რიგში რეჟიმზე, რომელსაც იმის უნარი, რომ უკან დაიხიოს, როცა ამდენად ნათელია, რომ აქ არანაირი დანაშაული არ არსებობდა და როცა საზოგადოებამ ყველაფერი თქვა, თავისი სათქმელი. ეს ნიშნავს, რომ ამ რეჟიმს აღარ აქვს არანაირი გამბედაობა, არც იმის, რომ თავისი ბოლომდე გაიტანოს, არც იმის, რომ უკან დაიხიოს, რჩება სადღაც ნეიტრალურ ზონაში, საიდანაც ჰგონია, რომ გამოძვრება და ვერ გამოძვრება. აქ არ დამთავრდა ეს ბრძოლა.

ჩვენ ვნახეთ მზიას ტოტალური შემართება, რომელიც ძალიან დიდი იმედის მომცემია და რომელიც არის ყველასთვის, ჩვენთვის ძალიან დიდი მაგალითი და ამას ეს ხელისუფლება ვერანაირად ვერ დაამარცხებს. არ არის ის განაჩენი, რომელსაც ჩვენ ყველანი ველოდით, რომ გათავისუფლდებოდა მზია, მაგრამ ამიტომ არ შეიძლება, რომ ასეთ რეჟიმებთან რაიმე მოლოდინი გქონდეს. უნდა ვიყოთ მშრალი ამ შეფასებაში და ვიცოდეთ, რომ ყველაფერს უნდა ველოდოთ და ასევე, უნდა დავინახოთ, სად არის სისუსტის ნიშნები, რომელიც აშკარად გამოჩნდა მთელი ამ პროცესის მსვლელობის დროს და სად არის სიძლიერის უდიდესი ნიშანი, ამას ჰქვია მზია ამაღლობელი - დიდი მადლობა მას"- თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

პროკურატურა მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი. 

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს მუხლი გადააკვალიფიცირა შედარებით მსუბუქი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.

გადაწყვეტილებას მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

მსგავსი სიახლეები