სალომე სამადაშვილი: სასჯელი არაპროპორციულია, თუმცა დავინახეთ, რომ რეჟიმს უკან დახევა მოუწია
მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული სასჯელი არაპროპორციული და სასტიკია, თუმცა დავინახეთ, რომ რეჟიმს უკან დახევა მოუწია - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" ამოცანაა, საზოგადოება დააფრთხოს, თუმცა ფაქტია, რომ ხალხი ევროპულ მომავალს და რუსული სტილის მმართველობას არ დაუშვებს:
დღეს, ვინც აქ მოვდიოდით, ყველას მოლოდინი უარესის გვქონდა, რომ მზია ამაღლობელს მაქსიმალურად მძიმე სასჯელს მიუსჯიდნან, მაგრამ მათ მოუწიათ უკან დახევა და კალიფიკაციის შეცვლა. ეს მუხლიც რა თქმა უნდა აბსოლუტურად უსამართლობაა. მე მინდა ვუთხრა, ყველა მოქალაქეს, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა გაგრძელდეს, პროტესტი გაგრძელდეს, მნიშვნელოვანია ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა გაიაზრონ, რომ ჩვენ არასდროს შევეგუებით რუსეთის ანალოგიური რეჟიმის ჩამოყალიბებას საქართველოში და ჩვენი თავისუფლების გაუქმებას - ჩვენი ევროპული მომავლის წართმევას.
საზოგადოების და რა თქმა უნდა მზია ამაღლობელის აბსოლუტურად შეუპოვარი ბრძოლის შედეგია რომ დღეს გარუკვეულ წილად რეჟიმს უკან დახევა მოუწია"- განაცხადა მან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურა მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს მუხლი გადააკვალიფიცირა შედარებით მსუბუქი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.
მსგავსი სიახლეები
ევროკომისიაში განმარტეს, თუ რატომ გახდა ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე დიალოგის პირველი ჩანიშვნა აუცილებელი
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.