მზია ამაღლობელმა, თავისი სიჩუმით, უკვე დაამხო ბიძინა ივანიშვილი- თინა ბოკუჩავა

06.08.25 15:01
მზია ამაღლობელმა, თავისი სიჩუმით, უკვე დაამხო ბიძინა ივანიშვილი- თინა ბოკუჩავა

 

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის განაჩენის გამოცხადებას უამრავი ადამიანი, მათ შორის პოლიტიკოსები ესწრებოდნენ. 

“ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, თინა ბოკუჩავა იყო ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც სახელაშვილის მიერ გამოცხადებული განაჩენი მოისმინა. როგორც ის ამბობს, “მზია ამაღლობელმა, თავისი სიჩუმით, უკვე დაამხო ბიძინა ივანიშვილი და ის რაც დარბაზში მოხდა, ეს იყო ივანიშვილის დამხობა“.

„დიახ, დღეს ნამდვილად იყო ერთი ქალის რევოლუცია ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ“,- ამბობს ის.

დღეს ჩვენ სასამართლოს დარბაზში ვიხილეთ ერთი ქალის რევოლუცია რეჟიმის წინააღმდეგ, დღეს მზია ამაღლობელმა, თავისი სიჩუმით, უკვე დაამხო ბიძინა ივანიშვილი, ეს იყო ივანიშვილის დამხობა, რაც ვიხილეთ დარბაზში. მისი სიმტკიცით, უდრეკობით, შეუპოვრობით, ბრძოლით, ამ ადამიანმა, ერთმა ქალმა, ჩვენს თვალწინ, ამხილა და დაამხო რეჟიმი. დიახ, დღეს ნამდვილად იყო ერთი ქალის რევოლუცია ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებაზე საუბარსაც არ ვაპირებ, რადგან არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ეს მოსამართლედ წოდებული, პოლიტიკური მონა 2 წელს გამოაცხადებდა, 3 წელს, თუ 7 წელს. შესაძლოა, ეს მათ ტაქტიკურად ასე განსაზღვრეს იმისთვის, რომ საზოგადოებრივი განწყობები დაეცხროთ და ერთგვარად უკან დახევად გაესაღებინათ, მაგრამ მე არ მიმაჩნია, რომ ეს უკან დახევაა, ეს არი ხალხის მოტყუების მცდელობა იმისთვის, რომ ჩვენი სოლიდარობა გაქრეს და იმ ერთი ქალის რევოლუცია, რომელიც დღეს ჩვენ ვიხილეთ, ჩაცხრეს და აორთქლდეს და ეს არ უნდა მოხდეს, პირიქით, ჩვენ უნდა მოვახდინოთ ამ ენერგიის კონსოლიდაცია და ამ რეჟიმის დამხობა, რომელიც ასეთ უსმართლობას ჩადის ამ ერთი ქალის წინააღმდეგ. დღეს ნამდვილად ვიხილეთ, რომ ქალი ქალია და მზია ამაღლობელი არის ამაყი, ძლიერი, პატრიოტი, ქართველი ქალი, მაგრამ დგებუაძე რომ კაცი არ არის, ეს დაინახა მთელმა ქვეყანამ, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

პროკურატურა მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი. 

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს მუხლი გადააკვალიფიცირა შედარებით მსუბუქი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.

გადაწყვეტილებას მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

მსგავსი სიახლეები