24 დიპლომატიური წარმომადგენლობა: ვგმობთ ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზირებულ განაჩენს

06.08.25 15:27
24 დიპლომატიური წარმომადგენლობა: ვგმობთ ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზირებულ განაჩენს

24 დიპლომატიური წარმომადგენლობა მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და გმობს “არაპროპორციულ და პოლიტიზირებულ განაჩენს“.

ისინი სოლიდარობას უცხადებენ მზია ამაღლობელს და ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

ჩვენ, ავსტრიის, ბელგიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, ესპანეთის, შვედეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები, რომლებიც წარმოვადგენთ მედიის თავისუფლების კოალიციის წევრ ქვეყნებსა და მოკავშირე დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საქართველოში, ვგმობთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზირებულ განაჩენს, რომლითაც მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა.

მზია ამაღლობელის საქმე დამატებით დაამძიმა მისმა გაჭიანურებლმა წინასწარმა პატიმრობამ, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და განსაკუთრებით მისი მხედველობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.

მზია ამაღლობელის საქმე და “ბათუმელებსა” და “ნეტგაზეთზე” განხორციელებული ზეწოლა საქართველოში ჟურნალისტების მზარდი დაშინების, დაუსჯელი ძალადობისა და სამართლებრივი დევნის მაგალითია, მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის კუთხით საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების აშკარა დარღვევის გზით.ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ 2024 წლის 20 დეკემბერს მედიის თავისუფლების კოალიციის მიერ გავრცელებული განცხადების გზავნილს, ვგმობთ ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებზე ყველანაირ ძალადობასა და მათ დაშინებას.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მზია ამაღლობელს და მოვუწოდებთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებეთ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

პროკურატურა მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი. 

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს მუხლი გადააკვალიფიცირა შედარებით მსუბუქი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.

მსგავსი სიახლეები