"ოცნებაში" მზია ამაღლობელისთვის გამოტანილ განაჩენზე პირველი კომენტარი გაკეთდა
"გავა დრო და სტრასბურგის სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით დადუმებული ელჩები, გაიხსენებენ, როგორ შეცდნენ" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილი წერს.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ "ისევე, როგორც არაერთხელ, არცერთი ეს საელჩო ბოდიშს არ მოიხდის".
გავა დრო და სტრასბურგის სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით დადუმებული ელჩები, გაიხსენებენ, როგორ შეცდნენ, როგორც არაერთხელ, ქართული სასამართლოს განაჩენის შეფასებაში.
მაგრამ, ისევე, როგორც არაერთხელ, არცერთი ეს საელჩო ბოდიშს არ მოიხდის. როგორც არ მოიხადეს ბოდიში სააკაშვილის საქმეზე, არ მოიხადეს ბოდიში მელიას საქმეზე, არ მოიხადეს ბოდიში გვარამიას საქმეზე, არ მოიხადეს ბოდიში რუსთავი 2-ის საქმეზე, არ მოიხადეს ბოდიში პარლამენტის შტურმის საქმეზე. საერთოდ არც ერთ საქმეზე, რომელშიც ეს საელჩოები სტრასბურგის სასამართლოში მტყუანი აღმოჩნდნენ, ბოდიში არ მოიხადეს.
სამწუხაროა, რომ ქართული მართლმსაჯულების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული ცილისწამება და თავდასხმა ევროკავშირის ზოგიერთი წევრის ხელწერად იქცა. სამწუხაროა, რომ ასე გააუფასურეს საკუთარი სიტყვა," - წერს შალვა პაპუაშვილი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურა მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს მუხლი გადააკვალიფიცირა შედარებით მსუბუქი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.
გადაწყვეტილებას მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
მსგავსი სიახლეები
ლამერტი: დღევანდელი შეხვედრის მიზანი უვიზო შეჩერების გამომწვევი გარემოებების გამოსწორებაა
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.