"დღეს არის ჩვენი გამარჯვების დასაწყისი" - სოფო ჯაფარიძე
"დღეს არის ჩვენი გამარჯვების დასაწყისი" - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სოფო ჯაფარიძემ გიორგი ახობაძის გამართლების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ მზია ამაღლობელი, დღეს, სასამართლომ 2 წლით პატიმრობაში გაუშვა, ყველა სინდისის პატიმარი ძალიან მალე თავისუფალი იქნება - "რეჟიმმა უკან დაიხია".
სოფო ჯაფარიძემ მოქალაქეებს მოუწოდა, დღეს, რუსთაველზე შეიკრიბონ და ერთად იზეიმონ გამარჯვების დასაწყისი.
პირველ რიგში ვულოცავ მთელ სქართველოს, ვულოცავ ყველას ვინც იბრძვის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, ვულოცავ ჩვენი, ყველას გამარჯვებას.
გიორგი ახობაძე არის თავისუფალი, ვერ წარმომედგინა, რომ დღეს შევძლებდი, რომ ეს სიტყვები მეთქვა. დიახ, მისმა გაუტეხელობამ, მისმა პრინციპულმა ბრძოლამ, მისმა თავდადებამ და ყველა, თითოეული ჩვენი რეჟიმის ტყვის ამ თავდადებამ, ამ სიმტკიცემ, ამ პრინციპულობამ მოიტანა დღევანდელი დღე.
იმის მიუხედავად, რომ დღეს მზია გამოგვტაცეს ხელიდან, ძალიან მალე, მე ვარ დარწმუნებული, რომ მზია და თითოეული სინდისის პატიმარი იქნება თავისუფალი, რეჟიმმა დაიხია უკან. რეჟიმს ქართველმა ხალხმა, თავისუფლებისთვის მებრძოლმა ქართველმა ხალხმა დავახევინეთ უკან და მე ვარ ძალიან დარწმუნებული და სულ ვამბობ ამ სიტყვებს - გამარჯვება ისე ახლოს არის, როგორც არასდროს.
დღეს არის ჩვენი გამარჯვების დასაწყისი და მე მჯერა, ერთ წუთით ეჭვი აღარ მეპარება იმაში, რომ აუცილებლად ამ პრინციპულ ბრძოლას ჩვენ მივიყვანთ ბოლომდე. ცხელი ზაფხული გველის, ცხელი სექტემბერი გველის, მაგრამ აუცილებლად ეს ყველაფერი დასრულდება ჩვენი გამარჯვებით.
მოკითხვა თითოეულ რეჟიმის პატიმარს, თითოეულ პოლიტიკურ პატიმარს. მეგობრებო გამაგრდით ჩვენ თქვენთან ვართ, თქვენთან ერთად ვიბრძვით და აუცილებლად ძალიან მალე ერთად ვიზეიმებთ საქართველოს გამარჯვებას, ყველა ერთად ვიდგებით და ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლება რუსებისგან და ერთხელ და სამუდამოდ დაუბრუნდება ევროპულ გზას. ჩვენ ვიქნებით თავისუფლები, ქვეყანა იქნება თავისუფალი. ჩვენო უძვირფასესო სინდისის პატიმრებო, რომლებზედაც დღეს დგას ეს ქვეყანა ვიქნებით ერთად, მიყვარხართ...
დღეს ყველა ერთად უნდა ვიდგეთ რუსთაველზე და ერთად უნდა ვიზეიმოთ ჩვენი გამარჯვების დასაწყისი," - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, სასამართლომ სინდისის პატიმარი, გიორგი ახობაძე გაამაართლა. ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. გამოძიება ექიმს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავებოდა.