იერიშის ახალი ტალღა დიპლომატების წინააღმდეგ - რისი ეშინია "ქართულ ოცნებას"
"ქართულმა ოცნებამ" საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წამზომი ჩაურთო. დღეიდან მომდევნო ორი თვის განმავლობაში, არჩევნების დღემდე ივანიშვილის პარტია ელჩების, თითოეულ სიტყვას, ნაბიჯს და ქმედებას გამადიდებელი შუშით დააკვირდება. "ქართული ოცნება" ფაქტობრივად დიპლომატებს, მედიისთვის ინტერვიუების მიცემასა და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებასაც კი უკრძალავს. ულტიმატუმებით სავსე წერილი შალვა პაპუაშვილმა დღეს გამოაქვეყნა.
დიპლომატიური კორპუსი "ქართული ოცნებისთვის" დიდ თავისტკივილად იქცა. ელჩები ესწრებიან სასამართლო პროცესებს, საკუთარი თვალით ნახეს რა დარღვევებით ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები და რა მეთოდებით ებრძვის ივანიშვილის გუნდი პოლიტიკურ ოპონენტებს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სწორედ ეს აშინებს "ქართულ ოცნებას".
ელჩი ემორჩილება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას და თავისი ქვეყნის პოზიციას აფიქსირებს. თუ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის პრეტენზია აქვს დიპლომატებს უნდა უსმენდეს და არა ულტიმატუმებით ელაპარაკებოდეს. ყოფილი ელჩები არ გამორიცხავენ, რომ "ქართულ ოცნებას" შესაძლოა არასასურველი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევება ჰქონდეს ჩაფიქრებული.