საქართველოს პოლიტიკური კურსის შეცვლაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ - განცხადებების გაკეთების დრო დასრულდა - პეტრას აუსტრევიჩუსი

07.08.25 13:02
საქართველოს პოლიტიკური კურსის შეცვლაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ - განცხადებების გაკეთების დრო დასრულდა - პეტრას აუსტრევიჩუსი

საქართველოს პოლიტიკური კურსის შეცვლაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი მზია ამაღლობელისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.

„ქართველ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს პოლიციელზე სავარაუდო თავდასხმის ბრალდებით ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. საქართველოს პოლიტიკური კურსის შეცვლაზე პასუხისმგებელმა პირებმა - არადემოკრატიული, არაევროპული და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიულ კურსზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ. განცხადებების გაკეთების დრო დასრულდა“, - წერს პეტრას აუსტრევიჩუსი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

პროკურატურა მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი. 

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს მუხლი გადააკვალიფიცირა შედარებით მსუბუქი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.

გადაწყვეტილებას მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

 

მსგავსი სიახლეები