მებრძოლი ქალაქი ბოდიშს არ იხდის! - "ერთობის" წევრმა გორის ციხიდან ბანერი გადმოფინეს

07.08.25 17:19
 მებრძოლი ქალაქი ბოდიშს არ იხდის! - "ერთობის" წევრმა გორის ციხიდან ბანერი გადმოფინეს

"მებრძოლი ქალაქი ბოდიშს არ იხდის!" - "ერთობის" წევრმა გორის ციხიდან ბანერი გადმოფინეს.

აქტივისტები "ქართული ოცნების" და მისი საპატიო თავმჯდომარის პოლიტიკას აპროტესტებენ. 

 „7 აგვისტოს, აგვისტოს ომის 17 წლისთავზე, შევიკრიბებით გორის ცენტრში, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან და კვლავ ამაყად ვიტყვით, რომ ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის, საქართველო აუცილებლად აღადგენს თავის ტერიტორიულ მთლიანობას და მტერს განდევნის თავისი საზღვრებიდან“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

2024 წლის 14 სექტემბერს, წინასაარჩევნო მარათონში  ჩართულმა ბიძინა ივანიშვილმა, ქალაქში, რომელიც დაიბომბა, თქვა, რომ ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული მთავარი სათქმელი გორელებისთვის ჰქონდა შემონახული:

„26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“

ივანიშვილის ამ განცხადებას ქართულ საზოგადოებაში დიდი მვნებათაღელვა მოჰყვა - "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს უპასუხეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებმა, ისინი ბიძინა ივანიშვილის სიტყვების გამო ბოდიშს დაღუპულ გმირებს უხდიდნენ.

"ივანიშვილის ბოდიში" რუსულ, პროპაგანდისტულ მედიაში მოწონების და დიდი განხილვის საგანი გახდა. 

აგვისტოს ომის დაწყებიდან 17 წელი გავიდა - 2008 წლის 7 აგვიტოს საქართველოში რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები შემოიჭრნენ. არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდა, რომ რუსეთის ჯარმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სწორედ 7 აგვისტოს გადმოკვეთა.

ჰააგის სასამართლომ თქვა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და ომის დანაშაულებიც საქართველოში რუსეთმა ჩაიდინა.

საქართველოს მთავრობა და რუსეთი 2008 წლის ომის დაწყებას კვლავინდებურად 8 აგვისტოს აღნიშნავენ.

მსგავსი სიახლეები