საქართველოს მესამე პრეზიდენტის დევნა პოლიტიკურყ მოტივებით - ადვოკატების საგანგებო განცხადება

09.10.21 13:34
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დევნა პოლიტიკურყ მოტივებით - ადვოკატების საგანგებო განცხადება

მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა მკაფიო პოლიტიკური მოტივების თანხლებით ხორციელდება - ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატების ნაწილი ღიად საუბრობს.

გიორგი ფანცულაიას თქმით, პოლიტიკური მდგენელის არსებობაზე მიუთითებს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები, რომელიც ცალსახად შეიძლება შეფასდეს, როგორც მართლმსაჯულების ორგანოთა პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობა და პოლიტიკური შურისძიების მოტივით ადამიანის დასჯა.

მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ მისი თავისუფლების აღკვეთის ზოგიერთი გარემოება ეჭვს აჩენს, რომ მის მიმართ ხორციელდება პოლიტიკური მოტივებით დევნა. კერძოდ, პოლიტიკური მდგენელის არსებობაზე მიუთითებს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები, რომელიც ცალსახად შეიძლება შეფასდეს, როგორც მართლმსაჯულების ორგანოთა პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობა და პოლიტიკური შურისძიების მოტივით ადამიანის დასჯა. აღნიშნულის მკაფიო დასტურია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სატელევიზიო ინტერვიუში გაჟღერებული თეზისები, რაც პირდაპირ წარმოადგენს პოლიტიკური მოტივებით ადამიანის დევნის მტკიცებულებას. უფრო ზუსტად მან განაცხადა, რომ „სააკაშვილი ან უნდა დაგვეჭირა, ან წასულიყო პოლიტიკიდან და რომ წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ“.

ასევე მიხეილ სააკაშვილს პროკურატურის გადაწყვეტილებით შეეზღუდა სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება, რაც შეუძლებელია იყოს მართლმსაჯულების ლეგიტიმური ინტერესი. აღნიშნული გარემოებები ცხადყოფს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ხორციელდება მკაფიო პოლიტიკური მოტივების თანხლებით. აქ შეკრებილი ადვოკატები მხარს ვუჭერთ საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების განუხრელ დაცვას მიუხედავად ბრალდების შინაარსისა. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ შემაშფოთებელია ის არაერთი გარემოება, რომელიც გამოიკვეთა მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით და რომ მისი საქმის მიმართ არსებული პოლიტიკური ინტერესი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქმის სამართლებრივ მდგენელზე. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის საქმის მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ეფექტურად წარმართვა, სამართლიანი სასამართლოს სრული რეალიზება და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების, კანონმდებლობით დადგენილი და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა“, - განაცხადა ფანცულაიამ.

მსგავსი სიახლეები