კობახიძე: ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო "დიფ სთეითის" დაკვეთით

07.08.25 22:10
კობახიძე: ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო "დიფ სთეითის" დაკვეთით

 

 

"ქართული ოცნების" პრემიერმინისტრად დასაქმებული ირაკლი კობახიძე, რუსეთის აგრესიიდან 17 წლისთავზეც ომის დაწყებაში საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას და მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს.

ირაკლი კობახიძე კამერების წინ ამტკიცებს, რომ მაშინდელი მთავარსარდალი "დიფ სთეითის" დავალებას ასრულებდა.

"პირველების" შეკითხვაზე - ვინ არის დიფ სთეითი? - "ოცნების" თავმჯდომარემ თქვა, რომ ეს პრეზიდენტ ტრამპს უნდა ვკითხოთ. 

ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ 2008 წელს, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წარმოადგენდა, კობახიძემ თქვა, რომ სააკაშვილი პეზიდენტი მეორე ვადით "გაყალბებული არჩევნების" შედეგად გახდა. 

  • „ქართული ოცნების“ მიერ 2024 წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ცივილიზებული სამყაროს დიდი ნაწილი ამ დრომდე არ აღიარებს, 

სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა დაიწყო ომი. სააკაშვილი გაყალბებული არჩევნებით დარჩა ხელისუფლებაში და სააკაშვილის არადემოკრატიულმა, სისხლიანმა რეჟიმმა დაიწყო აგვისტოს ომი.

სააკაშვილის რეჟიმმა თვითონ მოაწერა ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც გარკვევით წერია, რომ "ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო სააკაშვილის რეჟიმის მიერ ცხინვალის დაბომბვით". 8 აგვისტოს, მთელი დღის განმავლობაში, სააკაშვილი და მისი სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ იყვნენ გადასული შეტევაზე, აპირებდნენ კონსტიტიუციური წესრიგის აღდგენას. 8 აგვისტოს განმავლობაში, ვიდრე შემდეგ მედვედევმა არ გააკეთა განცხადება ოპერაციის დაწყების თაობაზე, სააკაშვილი გვიმტკიცებდა, რომ აპირებდა ცხინვალის დაბრუნებას საკუთარი შეტევითი მოქმედებებით.

სააკაშვილის რეჟიმი არასდროს არ წარმოადგენდა საქართველოს. 2008 წლის შემდეგ ის არ წარმოადგენდა საქართველოს, გამომდინარე იქიდან, რომ დაამყარეს სისხლიანი დიქტატურა, გაყალბებით დარჩნენ ხელისუფლებაში, შესაბამისად, 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის რეჟიმი არ წარმოადგენდა საქართველოს.

ეს იყო კატასტროფული ავანტიურა, ეს იყო ღალატი, დაკვეთილი ღალატი, რომელიც ჩაიდინა მაშინ სააკაშვილის რეჟიმმა. Deep State-ის მიერ დაკვეთილი ღალატი იყო. თითოეული სამხედრო არის გმირი, განსხვავებით თქვენი ლაჩარი ლიდერისგან, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილი” - ამობს კობახიძე "ტვ პირველის" კითხვის საპასუხოდ. 

 

ეს ყველაფერი არ არის, კობახიძე ამბობს, რომ "საკონსტიტუციო სარჩელის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება 2008 წელს ომის დაწყება გახდეს":

იცით, რომ ჩვენ ვაპირებთ სარჩელის შეტანას საკონსტიტუციო სასამართლოში და რა თქმა უნდა, ამ სარჩელის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება გახდეს სწორედ 2008 წელს ომის დაწყება, რაც სააკაშვილმა აღიარა.

2008 წელს თვითონ მოაწერა ხელი რეზოლუციას, სადაც წერია, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი. "ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო სააკაშვილის მიერ ცხინვალის დაბომბვით" და ამას მოჰყვა შემდეგ რუსეთის არაპროპორციული რეაქცია - ეს წერია რეზოლუციაში. ამაზე ხელის მოწერა არის თუ არა ღალატი?

მედვედევმა ვიდრე არ განაცხადა, რომ ისინი აპირებდნენ ოპერაციის დაწყებას და ომში ჩართვას, მანამდე მთელი დღის განმავლობაში, 8 აგვისტოს, სააკაშვილი გვიმტკიცებდა, რომ მათ ჰქონდათ შტურმი მიტანილი და აპირებდნენ მთელი ცხინვალის რეგიონის აღებას, აპირებდნენ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას და ქალაქს ქალაქზე და სოფელს სოფელზე ათავისუფლებდნენ"- თქვა "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა. 

 

მსგავსი სიახლეები