ისტორიული შეთანხმება -აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კრემლი პირველ კომენტარს აკეთებს
სამხრეთ კავკასიის პრობლემების გადაჭრის ოპტიმალური ვარიანტია იმ გადაწყვეტილებების ძიება და განხორციელება, რომლებსაც რეგიონის ქვეყნები შეიმუშავებენ თავიანთი უშუალო მეზობლების – რუსეთის, ირანისა და თურქეთის მხარდაჭერით - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებაშია ნათქვამი.
ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის განცხადების მიხედვით, რეგიონგარეშე მოთამაშეების ჩართულობა უნდა ემსახურებოდეს სამშვიდობო დღის წესრიგის გაძლიერებას და არა დამატებითი სირთულეებისა და გამყოფი ხაზების შექმნას.
ზახაროვას თქმით, მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იყოს სომხეთის წევრობა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ერთიან საბაჟო სივრცეში, კერძოდ, რესპუბლიკის ტერიტორიაზე სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვის ორგანიზების თვალსაზრისით.
„რუსეთის ფედერაცია დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და აყვავების ზონის ჩამოყალიბებით, ამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ყოვლისმომცველი ნორმალიზაცია, რომელიც ორივე ქვეყნის ხალხის ინტერესების გათვალისწინებაზე იქნება დაფუძნებული. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ მუდმივად ვუჭერთ მხარს ყველა ძალისხმევას. ვაშინგტონში სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკების ლიდერთა შეხვედრა, ამერიკული მხარის შუამავლობით, დადებით შეფასებას იმსახურებს. იმედი გვაქვს, ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს სამშვიდობო დღის წესრიგის წინსვლას. ამავდროულად, ცოტა ხნის წინ ბაქო და ერევანი აცხადებდნენ, რომ უპირატესობას ანიჭებდნენ პირდაპირი დიალოგის წარმოებას, გარე დახმარების გარეშე. აღსანიშნავია, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ნორმალიზაციის ამჟამინდელი ეტაპი დაიწყო რუსეთის პირდაპირი დახმარებით და ცენტრალური როლით, 2020 წლის 9 ნოემბერს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტისა და ყველა საომარი მოქმედების შესახებ სამმხრივი მაღალი დონის განცხადების მიღებით. რეგიონში განლაგდა რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი, რომელმაც შეუცვლელი წვლილი შეიტანა სიტუაციის სტაბილიზაციაში“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმოამდგენლის, მარია ზახაროვას კომენტარში.
მისივე თქმით, სამხრეთ კავკასიის პრობლემების გადაჭრის ოპტიმალური ვარიანტია იმ გადაწყვეტილებების ძიება და განხორციელება, რომლებსაც რეგიონის ქვეყნები შეიმუშავებენ თავიანთი უშუალო მეზობლების – რუსეთის, ირანისა და თურქეთის მხარდაჭერით.
ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შუამავლობით, ერთობლივ სამშვიდობო დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დოკუმენტით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, სამუდამოდ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, დაიწყონ სავაჭრო, დიპლომატიური ურთიერთობები, მოგზაურობა და პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.