მოპარული და ნაგავში გადაყრილი ხმები - "შაბათის ეთერის" გამაოგნებელი ჟურნალისტური გამოძიება
როგორ მოიპარეს თვითმმართველობის არჩევნები - "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერმა "ქართული ოცნების" მიერ ხალხის ნების გაყალბების სქემა გაშიფრა.
მაკა ანდრონიკაშვილმა საარჩევნო მაქინაციებში გამოვლენილი გამაოგნებელი ფაქტები შეკრიბა. ხმაურიანი რეპორტაჟიდან ნათელი ხდება, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე მმართველი პარტიის წარმომადგენლები წინასწარ შემუშავებული სამი სქემით მოქმედებდნენ - გაბათილებული ან მოპარული ბიულეტენები, ე.წ. კარუსელი და საარჩევნო ურნაში "ოცნების სასარგებლოდ" ზედმეტობით ჩაყრილი ბიულეტენები.
არჩევნების გაყალბებისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლების გამარჯვების უზრუნველსაყოფად რეგიონებში ყველაზე აპრობირებული მეთოდი მასობრივად გაბათილებული ბიულეტენები იყო.
ბათილი ბიულეტენების რეკორდი ლაგოდეხის 22-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ, აზარ ქაზუმოვმა მოხსნა. საარჩევნო უბანზე, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა 645 ბიულეტენიდან 175 გაბათილდა.
ირკვევა, რომ ოქმების მიხედვით, უმეტეს შემთხვევაში ზუსტად იმდენი საარჩევნო ბიულეტენი გაბათილდა, რამდენი ხმაც ოპოზიციას გამარჯვებისთვის სჭირდებოდა. ასე მოხდა ლაგოდეხის ოლქის 22-ე საარჩევნო უბნის შემთხვევაშიც - უბანზე 645 ამომრჩეველი მივიდა, პროპორციული საარჩევნო ოქმის მიხედვით მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" კანდიდატს ხმა 302 ადამიანმა მისცა, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა 264 ხმა მიიღო, 23 ხმა სხვა პარტიების წარმომადგენლებზე გადანაწილდა, 16 ბიულეტენი საარჩევნო უბნიდან გაქრა.
ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ ლაგოდეხის ოლქის ყველა სოფლის ყველა უბანზე არჩევნების მოგების ერთი ხელწერა აქვთ - გაბათილდეს დიდი რაოდენობით ის ბიულეტენი, სადაც 41 არ არის შემოხაზული.
არჩევნების გაყალბების განსხვავებული სქემა მუშაობდა დედაქალაქში - აქ არჩევანი ე.წ. კარუსელზე გაკეთდა. ბიულეტენებს ან იპარავდნენ ან საარჩევნო ურნაში ზედმეტობით ყრიდნენ.
ასე მაგალითად - ისნის ნომერ მეორე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულ ამომრჩეველზე 33 ადამიანით მეტი მივიდა, 1109 ხმა კი უბრალოდ გაქრა. ამ უბანზე დარღვევა იმდენად დიდი იყო, რომ საოლქო კომისია იძულებული გახდა უბანი გაეხსნა და ბიულეტენები თვიდან გადაეთვალა.
ისნის ნომერ მე-8 საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც მაქინაციაში გამოიჭირეს, ყველაფერს დამკვირვებლებს "ქორებს "უწოდებს. ანდრო დვალაძე ირწმუნება, რომ ბალანსი მის უბანზე მხოლოდ იმიტომ არ დაჯდა, რომ მათ ხელს თვლაში მიზანმიმართულად უშლიდნენ. სტრესის ქვეშ მყოფ გამოუცდელ მდივანს კი ოქმის შევსებისას ციფრი 9, 22 -ში შეეშალა.
ამომრჩევლის ნების მოპარვაშია ეჭვმიტანილი ისნის ნომერ მე-16 საარჩევნო უბანიც. ოქმის მიხედვით 2 ოქტომბერს არჩევნებზე 595 ადამიანი მივიდა, ხმა კი 611-მა მისცა. ცესკოს ოფიციალურ გვერდზე შემაჯამებელი ოქმი სწორედ ამ მონაცემით აიტვირთა. შედეგები მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა, რაც ოპოზიციამ საჩივარი დაწერა და საოლქო კომისიას უბნის გახსნა და ხმების თავიდან გადათვლა მოუწია.
კომისიის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ბალანსით გახარებულმა ამომრჩევლის რაოდენობის გრაფაში ჩაწერილ ციფრებს ყურადღება არ მიაქცია. მდივანს კი, რომელმაც საარჩევნო დღის დასასრულს ოქმი შეადგინა გონება სამედიცინო პირბადემ და ფარმა დაუბინდა.
უპრეცედენტო გაყალბებაზე წავიდა ხელისუფლება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში- მარნეულში მოქალაქეები ხმას რამდენჯერმე აძლევდნენ. საარჩევნო უბნებზე პირადობის მოწმობების გარეშე შედიოდნენ და საარჩევნო ბიულეტენების ჩაყრის პროცესსაც არავინ აკონტროლებდა.
ერთ-ერთი ასეთი 48-ე საარჩევნო უბანი იყო, რომლის გაუქმებაც სამოქალაქო სექტორმა მოითხოვა. თუმცა არგუმენტირებული და დასაბუთებული საოლქო კომისიამ არ დააკმაყოფილა.
გარდაბანში მდივანს შემაჯამებელი ოქმის შედგენისას 200 ხმით მეტი ჩაუწერა მმართველი პარტიის კანდიდატს, შეცდომით ჩაწერა ოქმის შევსების დრო და არ დაამოწმა ოქმები ბეჭდებით. არადა იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი ანი ონიანი გარდაბანში არჩევნებზე საგანგებოდ თბილისიდან ჩაიყვანეს. კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ შეცდომები ანი ონიანს გამოუცდელობით მოუვიდა.
დღეის მდგომარეობით საერთო ჯამში არჩევნებზე მიღებული ხმების 3% პროცენტი ბათილია. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მიღებული ბიულეტენების 30%-ის დათვლის პროცესიც. ირკვევა, რომ ქვეყნის მასშტაბით ბიულეტენების 27% გაქრა. 2% პროცენტი კი საარჩევნო ურნებში ზედმეტად ჩაყარეს.