როდის გაიხსნება ვარკეთილის მეტრო
კახა კალაძის თქმით, ვარკეთილის მეტრო "რამდენიმე დღეში" გაიხსნება, თუმცა სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება.
თბილისის მერი ამტკიცებს, სამუშაოები ამდენი წლის განმავლობაში იმიტომ გაგრძელდა, რომ არ მოიძებნა საქართველოში ექსპერტთა ჯგუფი, ვინც ამ მიმართულებით იმუშავებდა.
"სამუშაოებს იმ დროს არ ვაწარმოებთ, როცა მეტრო მგზავრებს მოემსახურება. ჩვენ ასევე ვმუშაობთ იმაზე, რომ მოხდეს მეტროსადგურის ერთი საათით ადრე დახურვა და ერთი საათით გვიან გახსნა, რათა სამუშაო პროცესი გახანგრძლივდეს და რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს.
რაც შეეხება დროებით ტრანსპორტს, რომელიც ამ პერიოდში გამოვყავით, გვესმის, რომ მეტროსადგური დაკეტილია და მის ფუნქციებს ვერანაირი ავტობუსი და მიკროავტობუსი ვერ ჩაანაცვლებს. მაგრამ ერთ ადამიანზე ერთი ავტობუსი ან ერთი მიკროავტობუსი ვერ გამოიყოფა. რისი საშუალებაც იყო, რომ დივერსიფიცირება მომხდარიყო, ეს გავაკეთეთ. თუ საჭიროა საზოგადოებრივი ტრანსპორტის დამატება, ჩვენი შესაბამისი სამსახურები გაივლიან აღნიშნულ საკითხს და მოხდება დამატება, თუმცა, რამდენიმე დღეში მეტროც გაიხსნება. დისკომფორტი იყო, რისთვისაც მოსახლეობას კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი. სხვანაირად ამ ტიპის და მასშტაბის სამუშაოების წარმოება შეუძლებელია" - ამბობს კალაძე.
ვარკეთილის მეტრო 12 ივლისს 45 დღით დაიკეტა.