"ივანიშვილის გამოკითხვის ოქმებში ორ აბზაცს ვერ ნახავთ, რომელშიც ტყუილები არ წერია" - ბაჩიაშვილის სიტყვა

11.08.25 17:28
"ივანიშვილის გამოკითხვის ოქმებში ორ აბზაცს ვერ ნახავთ, რომელშიც ტყუილები არ წერია" - ბაჩიაშვილის სიტყვა

 

 

"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა, დღევანდელს სასამართლო სხდომაზე განსასჯელის სკამიდან საბოლოო სიტყვა წარმოთქვა - მან მოსამართლეთა კოლეგიასა და პროკურორს მიმართა. 

გიორგი ბაჩიაშვილმა პროკურორს უთხრა, რომ "სამარცხვინოა, როდესაც ასე ამახინჯებს ფაქტებს და კერავს საქმეს". მანვე აღნიშნა, რომ პროკურორს ამ საქმის გამო პასუხის გება აუცილებლად მოუწევს. 

გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, ე.წ. ბიტკოინების საქმეში ბიძინა ივანიშვილი ინვესტორი არ ყოფილა და მას ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინები არ მოუპარავს. მისივე თმით, ეს იყო ბანკის სესხი და სასესხო ხელშეკრულებაში ყველაფერი "შავით თეთრზე წერია". 

ძალიან მაღალი ხარისხის არის ყველა დოკუმენტური მტკიცებულება და ყველა პირდაპირ, საღად აღნიშნავს და განმარტავს, თუ რა შინაარსის არის, ანუ არანაირი პროკურორის ინტერპრეტაცია და გამოგონება არ სჭირდება - პირდაპირ შავით თეთრზე წერია. ზოგადად ნატოს [ქართუ ბანკის ხელმძღვანელი, ნატო ხაინდრავა] ჩვენება, რომელშიც ის ამბობს, - "ივანიშვილმა მითხრა, რომ გიორგი მოიტანს კომპანიასო და გიორგის უნდა ინვესტიციის განხორციელებაო" - ეს არის ტყუილი იმიტომ, რომ იმ დროისთვის, როცა გაკეთდა ეს ჩანაწერი და როცა გაიცა ბანკის სესხი, ეს კომპანია იყო უკვე დიდი ხნის მოტანილი. 

აქ არის საუბარი მხოლოდ და მხოლოდ სესხზე, შესაბამისად ვერანაირად, მანამდე ერთი კვირით ადრე, ივანიშვილი ვერ ეტყოდა ნატოს, რომ უი, მე მინდა ინვესტიციის გაკეთებაო. შესაბამისად, ეს არის პირდაპირ ტყუილი და როდესაც ქცევაზე და მორალზე საუბრობთ, მოწმეების ქცევა და მორალი შეაფასეთ პირველ რიგში და რამდენი ტყუილებია. 

პირდაპირ გეტყვით, ივანიშვილის გამოკითხვის ოქმებში ორ აბზაცს ვერ ნახავთ, რომელშიც ტყუილები არ წერია, ორ აბზაცს.

არ განიხილებოდა ივანიშვილის ინვესტიცია, ანუ ესეც არის პირდაპირ ტყუილი და ეს ფრაზა, რომ ხაინდრავამ დაადასტურა და ივანიშვილმაც, რომ უზრუნველყოფა განხორციელდებოდა იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნებოდა - ბოდიში ბატონო პროკურორო, ბანკი არის ძალიან მკაცრი რეგულირების ინსტიტუცია, ეს არ არის მაღაზია, არ არის სახაშე იმიტომ, რომ ამ სიტყვას იმიტომ ვიყენებ, რომ რასაც აღწერს ქალბატონი ნატო და სხვა მოწმეები, ამ ბანკის მუშაობას როგორც აღწერს, ეს უფრო საკვებ იმასაც არ შეესაბამება.

რეალურად ბანკში იყო წარმოდგენილი ერთი უზრუნველყოფა, რომელიც იყო წარმოდგენილი აუდიტის დაკმაყოფილების მიზნით, 45 დღის ვადით. ის, რომ ეს იყო აუდიტის მოთხოვნების მიზნით წარმოდგენილი, ეს უზრუნველყოფა, ამას ადასტურებს თვითონ ივანიშვილი თავის ჩვენებაში, ხაინდრავა თავის ჩვენებაში," - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა. 

ცნობისთვის, ბაჩიაშვილი სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც გიორგი ბაჩიაშვილი „ბიტკოინების საქმეზე“ მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა დამნაშავედ ცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მის საქმეზე გადაწყვეტილება, ხვალ, 12:00 საათზე გამოცხადდება. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი ბაჩიაშვილი ბრალად წარდგენილ ორ ქმედებაში დამნაშავედ ცნო, როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ისე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182 -3 „ბ“ და 194 - 3 „გ“ ნაწილებით ჰქონდა წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

მსგავსი სიახლეები