კალაძის აღიარება - მერი ამბობს, რომ "ბაჩიაშვილის ჩამოყვანა უცხო ქვეყნიდან განხორციელდა", რაც სუს-ის ვერსიას ეწინააღმდეგება
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე "თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე პირველ კომენტარს აკეთებს.
ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა მედიასთან სკანდალური განცხადება გააკეთა, რომრლიც გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების შესახებ სუს-ის ვერსიას სრულიად ეწინააღმდეგება.
მისივე თქმით, გიორგი ბაჩიაშვილის არანაირ მოტაცებას და გატაცებას არ ჰქონია ადგილი და მისი ჩამოყვანა უცხო ქვეყნიდან განხორციელდა.
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია 27 მაისს გაავრცელა.
- ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი".
კალაძის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება კი თავდაყირა აყენებს ამ ვერსიას:
ის [გიორგი ბაჩიაშვილი] იყენებს ახლა არსებულ სიტუაციას და მაქსიმალურად ცდილობს, რომ პოლიტიკური მოტივებით იყოს შეფუთული მისი კონკრეტული დანაშაული.
ძალიან ცუდია, თუ მსჯავრდადებულები, ნუ დანაშაულის მქონე ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან. [გულისხმობს - გლდანის ციხეში მომხდარ დაპირისპირებას] ეს ძალიან ცუდია, ძალიან მძიმეა, ბევრი გვინახავს ასეთი შემთხვევა და ვფიქრობ, უნდა მოხდეს გამოძიება, როგორც პენიტენციურმა სამსახურმა გააკეთა განმარტებები ამასთან დაკავშირებით, მე იმაზე მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი, დაველოდოთ დეტალებს, რაც იქნება გამოაშკარავებული.
რაც შეეხება მის ჩამოყვანას, თქვენ იცით, რომ ის ჩამოყვანილი იყო უცხო ქვეყნიდან. არანაირ მოტაცებას და გატაცებას არ ჰქონია ადგილი... რისი გამოძიება უნდა დაიწყოს? ფაქტი არ ყოფილა. ადამიანის ჩამოყვანა მოხდა უცხო ქვეყნიდან. ჩვეულებრივი სისულელეა [მოტაცება]," - განაცხადა კალაძემ.
"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა, მისი ქვეყანაში შემოყვანის დეტალებზე, 29 მაისს სასამართლო სხდომაზე ისაუბრა.
„მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხვიეს, ორი დღე თვალებახვეული მატარეს - ადვოკატის, პროკურორისა და ოჯახის წევრებთან დალაპარაკების გარეშე. შემდგომ მოტაცებული ჩამტენეს „აირზენას“ ბომბარდირის თვითმფრინავში: ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, ყველა კანონის დარღვევით ჩამომიყვანეს საქართველოში“.
ბაჩიაშვილის თქმით, „აირზენას“ ბორტზე იმყოფებოდა სუსის უფროსი ანრი ოხანაშვილიც.
გიორგი ბაჩიაშვილი და მისი ადბოკატები ბიზნესმენის "გატაცების" და საქართველოში უკანონო გზით ჩამოყვანასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას რამდენიმე თვეა ითხოვენ.