"კალაძემ აიღოს პასუხისმგებლობა მეტროში მგზავრების უსაფრთხოებაზე" - "ძლიერი საქართველოს" განცხადება

12.08.25 12:07
"კალაძემ აიღოს პასუხისმგებლობა მეტროში მგზავრების უსაფრთხოებაზე" - "ძლიერი საქართველოს" განცხადება

"ლელო - ძლიერი საქართველო" ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

ნიკა ჩერქეზიშვილის განცხადებით, კახა კალაძის ვარკეთილის მაცხოვრებლებთან გამოჩენა განპირობებულია მოახლოებული არჩევნებით, რადგან "თითოეული გაბრაზებული მოქალაქე მათთვის ნიშნავს ელექტორალურ რღვევას". 

დედაქალაქის მოქმედ მერს დღეს შეუსრულებელი დაპირებები კიდევ ერთახელ შეახსენეს: 

ვარკეთილის მეტრო არის "ქართული ოცნების" ე.წ. ხელისუფლებისა და კონკრეტულად კახა კალაძის შეუსრულებელი დაპირებების კიდევ ერთი ადგილი. ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო, მაშინ გაფორმდა ხელშეკრულება შპს "ყვარემლშენთან", რომელსაც შესასრულებელი სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 347 000 ლარი ჩაერიცხა, თუმცა სამუშაოები შესრულდა უხარისხოდ და დასრულებიდან 5 თვის შემდეგ ჩამოინგრა ვარკეთილის მეტროს ჭერი და 14 ადამიანი მოიყოლა ქვეშ. 

ამის შემდეგ, კახა კალაძემ 2019 წელს გააკეთა განცხადება, სადაც თქვა, რომ ერთი წლის განმავლობაში ვერ დაასრულეს ვარკეთილის მეტროს ჭერის აღდგენა და ეს მისივე შეფასებით იყო დიდი სირცხვილი, თუმცა ამის შემდეგ სირცხვილის კიდევ 6 წელიწადი გავიდა. 

ახლა, 2025 წლის 12 აგვისტოს ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია ჯერ კიდევ დაუსრულებელია. ამ პერიოდში პარალელურად დაიხარჯა თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ამჟამად 800 ათას ლარზე მეტია დახარჯული. 

ის აქტიურობა, რომელიც ახლა გამოჩნდა "ქართული ოცნების" ე.წ. ხელისუფლებისა და კახი კალაძის მხრიდან გამოწვეულია იმით, რომ მოახლოებული არის ადგილობრივი არჩევნები და თითოეული გაბრაზებული სამგორელი, თითოეული გაბრაზებული ვარკეთილელი მათთვის ნიშნავს ელექტორალურ რღვევას. 

სწორედ ამიტომ მოვიდა გუშინ აქ კახა კალაძე და არა იმიტომ, რომ პასუხისმგებლობამ, ან სინდისმა შეაწუხა და ამაზე სამგორელებმა, ვარკეთილელებმა და ზოგადად თბილისელებმა უნდა გასცენ სწორი, ადეკვატური და ღირსეული პასუხი და ეს პასუხი შეიძლება იყოს ერთადერთი, რომ ვერცერთი ხმა კახა კალაძემ ვერ წაიღოს სამგორიდან, ვარკეთილიდან და ამით აგოს პასუხი იმ გულგრილობისთვის, არაკომპეტენტურობისთვის და უპასუხისმგებლობისთვის, რაც 9 წლის განმავლობაში დამართა ვარკეთილის მეტროს," - ნიკა ჩერქეზიშვილმა. 

"ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრის, გულიკო ზუმბაძის განცხადებით, მეტროს მგზავრების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა კახა კალაძემ უნდა აიღოს. 

"მოვუწოდებ ჯერ კიდევ მოქმედ ქალაქ თბილისის მერს, აგვისტოს ბოლოს დააანონსა მან ამუშავება ვარკეთილის მეტროსადგურის მაშინ, როდესაც სამუშაოები ჯერ კიდევ არ არის დასრულებული და ვიცით, რომ დეკემბრამდე გაგრძელდება და არათუ დეკემბრამდე რამდენიმე თვე კიდე გაგრძელდება, მაგრამ უმნიშვნელოვანესია აქ მგზავრების უსაფრთხოება. კალაძეს მოვუწოდებ, რომ განახორციელოს პრევენციული ღონისძიებები, სანამ ის მგზავრთა ნაკადს გაუშვებს მეტროსადგურში, მანამდე მან ჩაატაროს სატესტო ღონისძიებები... აიღოს პასუხისმგებლობა მეტროში მგზავრების უსაფრთხოებაზე... მგზავრების უსაფრთხოებაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა აიღოს კალაძემ" - ამბობს გულიკო ზუმბაძე. 

მსგავსი სიახლეები