ელისაშვილი: ყველაზე კორუმპირებული მერი კახა კალაძე კიდევ ერთ ურბანულ კოშმარს უმზადებს ამ ქალაქს
„თბილისის ისტორიაში ყველაზე მექრთამე, კორუმპირებული მერი კალაძე, რომელიც ჯერ კიდევ მერია, კიდევ ერთ ურბანულ კოშმარს უმზადებს ამ ქალაქს" - განცხადება ამის შესახებ "ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ნაძალადევში ვაგონშემკეთებელი ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე 51 კორპუსის აშენება იგეგმება:
"ნაცვლად იმისა, რომ ეს სივრცე მერიას გამოესყიდა და რეკრეაციულ-მწვანე ზონად ექცია, კიდევ ერთ ურბანულ კოშმარს უმზადებს დედაქალაქს“ - თქვა პოლიტიკოსმა.
ელისაშვილის შეფასებით, „კახა კალაძე არის ყველაზე მექრთამე მერი, რაც კი თბილისს თავისი არსებობის განმავლობაში ჰყოლია“.
ჩვენ ახლა ვართ ნაძალადევში, ვაგონშემკეთებელი ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე. ეს ქარხანა არ ფუნქციონირებს და ქალაქის უშუალო შუაგულში არის მოქცეული. ქალაქის ნებისმიერი პატიოსანი ხელმძღვანელი, ნებისმიერ ცივილიზებულ ქალაქში ცდილობს, რომ ასეთი ტერიტორიები ქალაქის სასარგებლოდ გამოიყენოს, ააშენოს პარკები, რეკრეაციული ზონები, სკვერები, სათამაშო მოედნები, სპორტული ობიექტები, იყოს მშენებლობაც, მაგრამ ძალიან მიზერული. ასეთი შესაძლებლობები და ტერიტორიები, რომელიც ძალიან ცოტა დარჩა თბილისის შუაგულში, მაქსიმალურად ხალხის და ქალაქის ინტერესებისთვის უნდა გამოიყენოს. რას აკეთებს კალაძე?“ - განაცხადა ელისაშვილმა.
"ლელოს" ლიდერის თქმით, ნინო წილოსანთან ერთად ერთად მოწილე იყო „იმედის“ მფლობელი, ირაკლი რუხაძე, რომლებმაც შემდეგ ეს ტერიტორია გაყიდეს:
„ვინ იყიდდა თუ არა კალაძის „მარჯვენა ხელი“, მისი კორუფციული სქემის შემოქმედი და ბუღალტერი, ილია წულაია. აქაც აპირებენ ააშენონ 51 კორპუსი. 15- სართულიანზე ნაკლები არ იქნება არცერთი, ეს გეგმა შეითანხმეს აპრილში. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მფარველობს კალაძე. ყველაზე მექრთამე მერი, რაც კი თბილისს თავისი არსებობის განმავლობაში ჰყოლია“,-განაცხადა ელისაშვილმა.