სოფო ჯაფარიძე: ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვეა

12.08.25 15:28
სოფო ჯაფარიძე: ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვეა

"ბაჩიაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვე" - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა და გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას გამოეხმაურა. 

სოფო ჯაფარიძის განცხადებით ბაჩიაშვილი "უსამართლო სასამართლოს ხელით ისჯება, რადგან მან თავისი ღირსება არ დათმო". 

გიორგი ბაჩიაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვე. გიორგი ბაჩიაშვილი არის კაცი, რომელმაც არ დათმო თავისი ღირსება და არ დაემორჩილა უსამართლობას, სწორედ ამიტომ ისჯება უსამართლო სასამართლოს ხელით, მაგრამ ეს ყველაფერი აუცილებლად მალე დასრულდება და გიორგი ბაჩიაშვილი, როგორც დღეს არის თავისუფლების და სიმამაცის სიმბოლო, ასე დარჩება ყოველთვის.

ეს განუკითხაობა, ეს უსამართლობა ძალიან მალე დასრულდება  და გიორგი ამ ბრძოლას მოიგებს ღირსეულად," - ამბობს სოფო ჯაფარიძე. 

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

ბაჩიაშვილი სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა, რომლის მიხედვითაც ის "ბიტკოინების საქმეზე" მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა დამნაშავედ ცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი ბაჩიაშვილი ბრალად წარდგენილ ორ ქმედებაში დამნაშავედ ცნო, როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ისე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182 -3 „ბ“ და 194 - 3 „გ“ ნაწილებით ჰქონდა წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

მსგავსი სიახლეები