“ტრამპის ადმინისტრაციის ანგარიში “ოცნებაზე” უკიდურესად კრიტიკულია,“მეგობარი აქტის” მიღებას აჩქარებს - ლევან სანიკიძე

13.08.25 12:07
“ტრამპის ადმინისტრაციის ანგარიში “ოცნებაზე” უკიდურესად კრიტიკულია,“მეგობარი აქტის” მიღებას აჩქარებს - ლევან სანიკიძე

“ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ანგარიში “ქართულ ოცნებაზე” უკიდურესად კრიტიკულია და “მეგობარი აქტის” მიღებას აჩქარებს” - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით,  “ქართულ ოცნებას” დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან რაიმე სახით ვითარების ნორმალიზების ან ლეგიტიმაციის მიღების არანაირი შანსი არ აქვს. 

“ჩვენ ვნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი სახდეპის ანგარიში. ტრამპის ადმინისტრაციის დროს ეს არის პირველი ანგარიში, სადაც უკიდურესად კრიტიკული გზავნილებია “ქართული ოცნების” მიმართ. საუბარია ძალადობაზე, მედიის მიმართ განხორციელებულ უპრეცედენტო ზეწოლაზე, რაც ჩემი აზრით პირდაპირ აჩქარებს “მეგობარი აქტის” მიღების პროცესს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ქართულ ოცნებას” დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან არ აქვს არანაირი შანსი რაიმე სახით ვითარების ნორმალიზების ან ლეგიტიმაციის მიღების. აქედან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ შემოდგომის დასაწყისშივე მოხდება “მეგობარი აქტის” მიღება, რომელიც აქტიურად შეუწყობს ხელს ქართულ საზოგადოებას და ამავე დროს ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს “ქართული ოცნების” რუსულ რეჟიმს.” - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ 2024 წლის ანგარიშში გამოაქვეყნა. 

  • დოკუმენტის მიხედვით, 2024 წელს, ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ სერიოზული შეშფოთება გამოითქვა საქართველოში გამოხატვის თავისუფლების კუთხით არსებულ სიტუაციაზე. 

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ადამიანის უფლებათა სფეროში მნიშვნელოვან პრობლემებზე მიუთითებს სანდო ცნობები წამების ან სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის, თვითნებური დაპატიმრებების ან დაკავებების და გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვების შესახებ. მათ შორისაა მოქალაქეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და ძალადობით დამუქრება, ჟურნალისტების დაუსაბუთებელი დაპატიმრება და სისხლისსამართლებრივი დევნა და ე.წ. გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონების შემაძრწუნებელი გავლენა.

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ მთავრობამ ნაბიჯები გადადგა ადამიანის უფლებების დამრღვევი ზოგიერთი თანამდებობის პირის მიმართ გამოძიებისა და დასჯისთვის, თუმცა დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა.

 

მსგავსი სიახლეები