გვინდოდა, ვყოფილიყავით დემოკრატიული სახელმწიფო, მაგრამ ჩვენზე წერენ, როგორ თანამშრომლობენ "ტიტუშკები" და პოლიციელები - მაკა ჩიხლაძე
"ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ამ ანგარიშში ამ ფირმით, ჩემი ქვეყანა არ მოხვედრილიყო - ჩვენ ხომ ვენესუელა არ ვართ?!"- ასე ეხმაურება "ნოდარ მელაძის შაბათის" მთავარი პროდიუსერი, ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, სადაც ცალკე თავი, 7 დეკემბერს მომხდარ თავდასხმას ეთმობა.
ჟურნალისტი, რომელიც პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, ე.წ. ნიღბიანი ტიტუშკების მხროდან ანგარიშსწორების სამიზნე გახდა, ამბობს, რომ სახ.დეპმა ზუსტად დაინახა და აღწერა ფაქტი, რომ მოძალადეები საპატულო პოლიციასთან კოორდინაციაში იყვნენ:
ჩვენ გვინდა, დემოკრატიული ქვეყანა ვყოფილიყავით, ახლა ჩვენზე წერენ, როგორ თანამშრომლობენ ნიღბიანი "ტიტუშკები" და პოლიციელები, როგორ არ რეაგირებენ ჟურნალისტებზე, რიგით მოქალაქეებზე თავდასხმის დროს.
არ მომწონს, ის რომ ამ ანგარიშში ჩემი სახელი და გვარი ამ კონტექსტში იკითხება, თუმცა რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ იმით, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს იმას, რასაც უნდა ხედავდეს ჩვენს ქვეყანაში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ხაზგასმული აქვთ კიდეც, რომ პოლიცია დანაშაულზე არ რეაგირებდა და იკითხება სახელმწიფოს ჩართულობა"- აცხადებს მაკა ჩიხლაძე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში 2024 წელს ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ წლის განმავლობაში საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ მნიშვნელოვან მოვლენებს შორის იყო ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის ამოქმედება, რომელიც – “სანდო არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების შესაზღუდად გამოიყენება”.
სახდეპი წერს, რომ "მთელი წლის განმავლობაში მოქალაქეების, ჟურნალისტების და სხვა პირების მიმართ ფიზიკური თავდასხმების, დაშინებისა და ძალადობის მუქარის, იძულებისა და შევიწროების შესახებ ცნობები განუწყვეტლივ ვრცელდებოდა".
დოკუმენტში ხაზგასმულია ევროინტეგრაციის შეჩერების შემდგომი დემონსტრაციებისას "ტვ პირველის" ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე თავდასხმის ფაქტი.
ანგარიშში ადამიანის უფლებების შესახებ ხაზი გაესვა ე.წ. ტიტუშკების კოორდინაციას ხელისუფლებასთან.