ცინიკური ნაბიჯი! - უკრაინის პასუხი "ქართულ ოცნებას" პიარკამპანიას
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო "ქართულ ოცნებას" პასუხობს - ომში მყოფი ქვეყნის დიპლომატიური უწყება ივანიშვილის გუნდის მიერ, საარჩევნო კლიპში რუსეთის მიერ დაბომბილი ქალაქების ჩვენებას "არამეგობრულ ქმედებას" უწოდებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ საკუთარი პოლიტიკური პიარისთვის ომის კადრების გამოყენება უკრაინის ხალხისა და რუსეთის აგრესიის მსხვერპლების მიმართ უპატივცემულობაა და უკრაინული საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას იწვევს.
მათი თქმით, "საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ქვეყანას წაართვა არა ომი, არამედ ევროპული მომავალი".
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყურადღება გაამახვილა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მორიგ არამეგობრულ ქმედებაზე, რომელიც საკუთარი პოლიტიკური პიარისთვის აგრძელებს ვიდეოების გამოყენებას, რომლებიც ასახავს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი აგრესიის საშინელ შედეგებს.
ასეთი ცინიკური ნაბიჯები უკრაინელი ხალხისა და რუსული აგრესიის მსხვერპლთა მიმართ უპატივცემლობას გამოხატავს და უკრაინულ საზოგადოებაში სამართლიან აღშფოთებას იწვევს. სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მოსკოვს აამოს და უგულებელყოფს ღირსებისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს, რომლებიც ისტორიულად ახასიათებს ქართველ ერს და მისი იდენტობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
ჩვენ ვურჩევთ საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტიკურ სტრატეგებს, იყვნენ გულახდილები საკუთარ ხალხთან და თავიანთ გვერდებზე უფრო ჭეშმარიტი სურათი განათავსონ: მარჯვნივ რუსეთის სამფეროვანი დროშა და მარცხნივ ევროკავშირისა და ნატო-ს დახურული კარები. ეს რეალობას შეესაბამება, რადგან საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ ქვეყანას არა ომი, არამედ ევროპული მომავალი წაართვა. ამავდროულად, უკრაინა თანმიმდევრულად და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს მეგობარ ხალხს დამოუკიდებელი, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს აშენებისკენ სწრაფვაში“, - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
„ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნების წინაც ისევ უკრაინის ომის კადრებს იყენებს. მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო საიმიჯო კლიპში ერთმანთს "ვაკის პარკის" შადრევანი და რუსეთის მიერ დანგრეული უკრაინის ქალაქები დაუპირისპირა.