ნინო კალანდაძე: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში განსაზღვრავს დიპლომატიურ ტონსაც
ფონდ "ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორი, ნინო კალანდაძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ 2024 წლის ანგარიშს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ანგარიში დიპლომატიურ ტონსაც განსაზღვრავს.
მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შემდეგ "ნებისმიერ ადმინისტრაციას, სულ რომ ამის პოლიტიკური ნებაც ჰქონდეს, გაუჭირდება რომ განსხვავებული პოლიტიკა შეიმუშაოს".
თუ აქამდე რამე პოლიტიკის შემუშავებაში ჯერ კიდევ რაღაც კითხვები არსებობდა, რომელიც შესაძლოა ივანიშვილის რეჟიმის სასარგებლოდ ჩამოყალიბდეს, ამ დოკუმენტზე დაყრდნობით, უბრალოდ, ნებისმიერ ადმინისტრაციას, სულ რომ ამის პოლიტიკური ნებაც ჰქონდეს, გაუჭირდება რომ განსხვავებული პოლიტიკა შეიმუშაოს იმიტომ, რომ აქ ძალიან მკაცრად და კრიტიკული ენით არის აღწერილი. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ამავდროულად განსაზღვრავს დიპლომატიურ ტონსაც, ის განსაზღვრავს ადმინისტრაციებს როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ამა თუ იმ შეფასებულ ქვეყანასთან და კონკრეტულად საქართველოსთან. ისინი ამბობენ, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარისხი არათუ გაუარესდა, არამედ საგანგაშო მდგომარეობაშია," - ამბობს ნინო კალანდაძე.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ 2024 წლის ანგარიშში გამოაქვეყნა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ადამიანის უფლებათა სფეროში მნიშვნელოვან პრობლემებზე მიუთითებს სანდო ცნობები წამების ან სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის, თვითნებური დაპატიმრებების ან დაკავებების და გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვების შესახებ. მათ შორისაა მოქალაქეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და ძალადობით დამუქრება, ჟურნალისტების დაუსაბუთებელი დაპატიმრება და სისხლისსამართლებრივი დევნა და ე.წ. გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონების შემაძრწუნებელი გავლენა.