"ოცნებასთან" აფილირებული მოძრაობა არჩევნებთან ერთად, "ევროპერსპექტივის" შესახებ პლებისციტის ჩატარებას ითხოვს
"ქართულ ოცნებასთან" აფილირებული პოლიტიკური მოძრაობა "ნეიტრალური საქართველო" განცხადებას ავრცელებს და ითხოვს, რომ 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად "ევროპერსპექტივის" შესახებ პლებისციტი გაიმართოს.
პოლიტიკური მოძრაობის განცხადებით, უნდა გაიმართოს პლებისციტი, რომელშიც მოქალაქეებს დაუსვამენ კითხვას - ხართ თუ არა მომხრე, ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობისა და ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების სანაცვლოდ მოხდეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება?!
თუ ჩვენი ხელისუფლება ამ დრომდე თვლის, რომ საზოგადოება "ევროპერსპექტივის" თავსმოხვეულ ილუზიაში ცხოვრობს, ვთავაზობთ ინიციატივას - მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარდეს პლებისციტი, რომელშიც ქართველი ხალხის წინაშე დავსვამთ მარტივ კითხვას - ხართ თუ არა მომხრე, ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობისა და ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების სანაცვლოდ მოხდეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება?! ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შედეგები ნათლად აჩვენებს ხელისუფლებას, რა არის ხალხის რეალური დაკვეთა.
სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მკაფიოდ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მთლიანად "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გუნდს, ნუ ექაჩება ქვეყანას იქ, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება, ლგბტ პროპაგანდა, გეი აღლუმები და პედოფილია არის ნორმა. ასევე მარტივად პროგნოზირებადია ის მძიმე შედეგები, რასაც გრძელვადიან ეკონომიკურ კრიზისში მყოფ ევროკავშირში გაწევრიანება მოუტანს ჩვენს ქვეყანას. მივმართავთ ხელისუფლებას, ჯერ კარგად გაარკვიოს, რა არის ქართველი ხალხის დაკვეთა და ამის შემდეგ აწარმოოს შესაბამისი საგარეო პოლიტიკა. მიგვაჩნია, რომ ამისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, პლებისციტის ჩატარება," - წერია განცხადებაში.
"ნეიტრალური საქართველოს" განცხადება "ქართული ოცნების" პროპაგანდას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ექნება ვალდებულება, დააკანონოს ერთნაირსქესიანთა ქორწინება.