სახელმწიფო დეპარტამენტი ივანიშვილის ხელისუფლებას საკუთარი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიებში ამხელს - უმძიმესი ანგარიში
სისტემური ძალადობა, ანგარიშსწორება, დამამცირებელი მოპყრობა და წამება - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ დანაშაულების, რაშიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი "ქართული ოცნების" მმართველობას ამხელს. საქართველოს შესახებ ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ოფიციალური ანგარიში უპრეცედენტოდ მწვავე აღმოჩნდა. 22-გვერდიანი დოკუმენტი დეტალურად აღწერს სახელმწიფოს დანაშაულებრივ სქემას და იმას, თუ რა მეთოდებით უსწორდებოდნენ ჟურნალისტებსა და პროევროპული აქციების მონაწილეებს ე.წ ტიტუშკები და სპეცრაზმელები.
ტიტუშკები, რომლებიც სავარაუდოდ ხელისუფლებასთან კოორდინაციით მოქმედებდნენ - სწორედ ასე არიან მოხსენიებული ამერიკის ოფიციალურ დოკუმენტში მოძალადეები. მედიამ თითოეული მოძალადე მალევე გამოააშკარავა, თუმცა სახელმწიფოს დასჯილი 8 თვის შემდეგაც არავინ ჰყავს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მედია გარემოს ვრცელი თავი ეთმობა, სადაც მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულზე მიტანილი იერიში ცალკეა გამოყოფილი.
"ქართულმა ოცნებამ" ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი შექმნა - ასეთია ვრცელი ანგარიშის მოკლე შეფასება. ხალხს თავში, სახისა და თვალის არეში მიზანმიმართულად ურტყამდნენ და ამ დრომდე ერთი დამნაშავეც კი არ დაუკავებიათ. არ დასჯილან არც ის სპეცრაზმელები, ვინც ზვიად მაისაშვილს უმოწყალოდ სცემეს. კადრებმა მაშინ მთელი მსოფლიო მოიარა, თუმცა დამნაშავეები ამ დრომდე თავისუფლებაზე არიან. პროკურატურას კი ახალგაზრდა ნაცემი დემონსტრანტისთვის დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად 8 თვე დასჭირდა.
ტოტალურ დაუსჯელობასთან ერთად ამერიკის დიპლომატიური უწყება ყურადღებას ამახვილებს "ოცნების" მიერ მიღებულ რეპრესიულ კანონებსა და 26 ოქტომბრის საარჩევნო სპეცოპერაციაზე. ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესაფასებლად სახელმწიფო დეპარტამენტს ეუთო/ოდირის დასკვნა მოჰყავს, ანუ ამერიკის დიპლომატიური უწყება იმ დოკუმენტს იშველიებს, რომელმაც ქართულ არჩევნებზე ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მწვავე ანგარიში მოამზადა.