EU-სგან მიცემული ვადა იწურება - რა გააკეთა "ოცნებამ" უვიზო რეჟიმის შეჩერების თავიდან ასაცილებლად?
18 დღე ევროკომისიის დათქმული ვადის ამოწურვამდე - 31 დეკემბერს ევროკავშირის ლიდერები იმსჯელებენ, შეასრულა თუ არა "ქართულმა ოცნებამ" ის პირობები, რომელიც ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად არის საჭირო. ივანიშვილის პარტია უარს ამბობს გააუქმოს რეპრესიული კანონები, გაატაროს რეფორმები ანტიკორუფციული მიმართულებით და დაიცვას ქვეყანაში ადამიანის ფუნდამენტური თავისუფლება. ეს უარი კი ზრდის რისკს, რომ ივანიშვილის პარტიის გამო ქვეყანამ შესაძლოა ვიზალიბერალიზაცია დაკარგოს.
პირობების შეუსრულებლობის ფონზე ირაკლი კობახიძემ ევროინტეგრაციის კომისიის სხდომა გამართა, სადაც "ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრმა გასული წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში წარადგინა. შეხვედრაზე იმყოფებოდა რაჟდენ კუპრაშვილიც, რომლის ანტიკორუფციული ბიურო კორუფციის ნაცვლად სამოქალაქო სექტორს ებრძვის. შეხვედრას ესწრებოდნენ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ვის პირობებშიც ათობით მოქალაქე პოლიტიკური მოტივებით ციხეში გაუშვეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც მშვიდობიანი აქციების მონაწილეების დევნით არიან დაკავებული. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს შეხვედრა ნათელი გამოხატულებაა იმის, რა უნდა გაეკეთებინა, მაგრამ არ გააკეთა "ქართულმა ოცნებამ" უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად.