საარჩევნო ადმინისტრაციამ 812 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები გადათვალა - ცესკო
10 ოქტომბრის მდგომარეობით, საარჩევნო ადმინისტრაციამ 812 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები გადაითვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
ცესკო-ს ცნობით, აქედან 360 საუბნო საარჩევნო კომისიის მონაცემები კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე არის გადათვლილი, აღნიშნული უბნები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, წილისყრით, გამოვლინდა.
„ამ მონაცემებიდან, გამოიკვეთა, რომ 66,7%-ში არ დაფიქსირდა ცვლილება, ხოლო 121 საარჩევნო უბანზე მცირედით შეიცვალა მონაცემები; რასაც არჩევნების შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. 194 საარჩევნო უბნის მონაცემი, საოლქო საარჩევნო კომისიების ინიციატივით, ან საჩივრის საფუძველზე გადათვალეს. 257 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები კი იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით გადამოწმდა, რომელიც ცესკო-ს თავმჯდომარემ რეკომენდაციის სახით გააცნო საზოგადოებას და საოლქო საარჩევნო კომისიებს.
წარმოგიდგენთ სტატისტიკურ ინფორმაციას სწორედ ამ 257 საუბნო საარჩევნო კომისიის მიხედვით.
შედეგების გადათვლის საფუძველზე, 197 უბანზე ცვლილება არ განხორციელებულა; რაც შეეხება 60 საუბნო საარჩევნო კომისიას, – მცირედი ცვლილება შეეხო ნამდვილ ხმებს და ბათილ ბიულეტენებს. ჯამურად, 60 უბანზე საარჩევნო სუბიექტებს დააკლდათ 24 ხმა და მოემატათ – 53 ხმა; მერობის კანდიდატებს დააკლდათ ხუთი ხმა და მოემატათ – 41ხმა; მაჟორიტარ კანდიდატებს დააკლდათ 13 ხმა და მოემატათ – 82 ხმა;
ამ მონაცემებს არსებულ შედეგზე გავლენა არ მოუხდენია“,- აღნიშნულია ცესკო-ს ინფორმაციაში.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის რეკომენდაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა 9 ოქტომბერს გადათვალეს 257 საუბნო საარჩევნო კომისიების ის შედეგები, სადაც უმეტესწილად მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სადამკვირვებლო მისიებს წარდგენილი ჰქონდათ საჩივრები გადათვლის მოთხოვნით, ან ისეთი საუბნო საარჩევნო კომისიების მონაცემები, სადაც დიდი რაოდენობით ფიქსირდებოდა ბათილი ბიულეტენები.