კოალიციური მთავრობა თბილისში - ნიკა მელია მამუკა ხაზარაძეს შეხვდა

11.10.21 13:21
კოალიციური მთავრობა თბილისში - ნიკა მელია მამუკა ხაზარაძეს შეხვდა

თბილისში კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ კონსულტაციები დაწყებულია. ოპოზიციაში აანონსებენ, რომ უახლოეს დღეებში თბილისის ჩრდილოვან კაბინეტს წარადგენენ. ვინ იქნება კოალიციურ მთავრობაში, კონსულტაციების შემდეგ გადაწყდება.

ამ საკითხზე  "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი,  ნიკა მელია, "ლელოს" ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს, შეხვდა. 

"ლელოს" ლიდერი ამ ფაქტს "პირველებს" უდასტურებს. ხაზარაძის თქმით, კოალიციური მთავრობის შექმნაზე აქტიური  კონსულტაციები მიმდინარეობს სხვა პარტიებთანაც.

წინა კვირას შევხვდით ბატონ მელიას, ვისაუბრეთ მომავალ შესაძლო კოალიციურ ფორმაზე, ადამიანებზე, ვინ შეიძლება იყოს მოაზრებული, როგორც კი შევთანხმდებით გეგმაზე და ვიქნებით ჩამოყალიბებული, ერთიანი ძალებით დავიწყებთ გაცნობას ამ გეგმის და იმ ადამიანების, ვინც იქნება მომავალ კაბინეტში", - ამბობს "პირველებთან" მამუკა ხაზარაძე. 

ჩვენ გავიხილავთ ამ მოცემულობას, გვაქვს კონსულტაციები სხვადასხვა პარტიებთან, ამიტომ პროგრამის წარდგენის მერე რა თქმა უნდა, გვექნება მსჯელობა სხვადასხვა პარტიულ თანამშრომლობაზე, მათ შორის ქუთაისშიც", - ამბობს ხატია დეკანოიძე.

"ევროპულ საქართველოში" ამბობენ, რომ მზად არიან კონსულტაციებისთვის, თუმცა ,,ენმ"-სთან მოლაპარაკების პროცესში ჯერ არ ჩართულან. "ევროპული საქართველოს" წევრი მიიჩნევს, რომ მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე მეორე ტურში გამარჯვებაა. 

არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ჩვენ არ გვქონია სხვა პარტიებთან კომუნიკაცია კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით, ჩვენი მთავარი დღის წესრიგი ახლა არის, რომ მოვუწოდოთ ადამიანებს, რომ არჩევნების მეორე ტურზე მივიდნენ და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მისცენ ხმა", - ამბობს გიორგი ნონიაშვილი. 

თბილისში ოპოზიციასთან კოალიციას ვერ შექმნის "სტრატეგია აღმაშენებელი", რადგან პარტიას დედაქალაქში  წარმომადგენელი არ ჰყავს. 

ჩვენ როცა განვაცხადეთ, რომ კოალიციურ მთავრობაში ვერ ვმონაწილეობდით, ვიგულისხმეთ ის, რომ თბილისში სამწუხაროდ, არ გვყავს წარმომადგნელი, ქუთაისში და სხვა ქალაქებში გვყავს და ოპოზიციათან ვიქნებით კოალიციაში, მაგრამ თბილისში, შედეგებიდან გამომდინარე ვთქვით მხოლოდ, რომ ვერ მივიღებდით მონაწილეობას", - ამბობს პაატა მანჯგალაძე. 

კონსულტაციებში არ მონაწილეობს პარტია "მოქალაქეები", მისი ლიდერის თქმით ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნამდე ოპოზიციამ არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს.

ჩვენ არანაირი კონსულტაცია მასთან არ გვქონია იმისთვის, რომ ჩრდილოვანი კაბინეტი მოიგოს ოპოზიციამ. ჯერ უნდა მოიგოს არჩევნები", - ამბობს ლევან იოსელიანი. 

 

მსგავსი სიახლეები